ლევან ხაბეიშვილი - მნიშვნელოვანია, უსწრაფესად დაიწყოს 12-ვე პუნქტის შესრულება, მადლობა აქციის მონაწილეებს, გვიგულეთ თქვენ გვერდით და გამოიყენეთ პოლიტიკოსები, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი
ლევან ხაბეიშვილი - მნიშვნელოვანია, უსწრაფესად დაიწყოს 12-ვე პუნქტის შესრულება, მადლობა აქციის მონაწილეებს, გვიგულეთ თქვენ გვერდით და გამოიყენეთ პოლიტიკოსები, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, კანონპროექტის გაწვევა და მიღწეული შედეგი ქართველი ხალხის დამსახურებაა. მისივე თქმით, ადამიანების უდიდესმა ნაწილმა უარი უთხრა „არა მხოლოდ რუსულ კანონს, არამედ თქვა – არა რუსულ მთავრობას“.

„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს იყო ყველაზე წარმატებული პროტესტი, პროტესტი, რომელიც განახორციელა ქართველმა ხალხმა და გამარჯვებამდე მიიყვანეს ახალგაზრდებმა. მათი თავგანწირულობით დაიდო შედეგი, რომელსაც ჰქვია – არა რუსულ კანონს. ამ დღეების განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ოპოზიციას ეჩვენებინა მაგალითი, როგორ არ უნდა იყვნენ ვიწრო პოლიტიკური ინტერესებით დაკავებული და როგორ იყო მთელი საზოგადოება, პოლიტიკური პარტიები, მოქალაქეები გაერთიანებული ერთი მთავარი მიზნის მისაღწევად“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

ლევან ხაბეიშვილმა მოუწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, ახალგაზრდების პროვოკაციაზე წამოკიდებას ნუ შეეცდება.

„კრემლისგან მართული გომელაური დღეს პატარა სათამაშო ადამიანის მეშვეობით დაემუქრა ჩვენს ახალგაზრდებს, სტუდენტებს, თურმე უმკაცრესად დაისჯებიან ახალგაზრდები. მინდა, გაგაფრთხილოთ, ნუ ეთამაშებით ამ ახალგაზრდებს, ნუ ხართ პროვოკაციულები და ნუ ცდილობთ პროვოკაციაზე, მათ ნერვებზე წამოკიდებას. შეეშვით ყველას, ვინც იცავს ევროპულ მომავალს, შეეშვით ყველა ანტიპუტინისტურ აქციაზე მყოფ ადამიანს. ამ ადამიანების მიმართ ვენდეტას თუ გააგრძელებთ, დარწმუნებული ვარ, არათუ პოლიტიკოსები ან პოლიტიკური პარტიები, ეს ახალგაზრდები, ეს ადამიანები გაგცემენ პასუხს. არცერთს არ დაედოს თითი, არცერთ სტუდენტს, არცერთ ახალგაზრდას და არცერთ აქტივისტს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ადამიანებისგან პასუხი იქნება ადეკვატური“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

ამასთან, ხაბეიშვილმა მოუწოდა ხელისუფლებას, სასწრაფოდ დაიწყონ 12 პუნქტის შესრულება.

„ამ დიდი გამარჯვების შემდეგ დაგვრჩა მთავარი ამოცანა შესასრულებელი, რაც ასევე სცილდება ყველა ვიწროპარტიულ და პოლიტიკურ ინტერესებს, ეს არის ჩვენი ევროპული მომავალი. მინდა, ვუთხრა „რუსულ ოცნებას“, საქართველოს არცერთი მოქალაქე არ აპირებს დანებებას, ეს ადამიანები იბრძოლებენ ბოლომდე საქართველოს ევროპული მომავლისთვის. ამიტომ მნიშვნელოვანია, სასწრაფოდ დაიწყოს ყველა პუნქტის შესრულება და ეს მოხდეს ისევე სწრაფად, როგორც დღეს, 25 წამში დაასრულეთ პარლამენტის სხდომა. უსწრაფესად ახალი კვირიდან უნდა დაიწყოს 12-ვე პუნქტის შესრულება, რათა ევროკავშირის სტატუსს საფრთხე არ დაემუქროს. მადლობა აქციის თითოეულ მონაწილეს, განსაკუთრებით, ახალგაზრდებს. გვიგულეთ თქვენ გვერდით და გამოიყენეთ პოლიტიკოსები, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი თქვენს ხელში“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.