ლევან ხაბეიშვილი - მადლობა ამერიკის შეერთებულ შტატებს ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის
ლევან ხაბეიშვილი - მადლობა ამერიკის შეერთებულ შტატებს ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის

დღეს დუმილი დანაშაულია. ივანიშვილმა ხელი მოაწერა საქართველოს უფსკრულში გადაჩეხას და თან აყოლებს ჩვენი შვილების მომავალს. ვინც ხმას არ იღებთ, აგრძელებთ ივანიშვილის მსახურებას და არა ხალხისას, უნდა გესმოდეთ, რომ აბსოლუტურად იდენტურია თქვენი პასუხისმგებლობა ქვეყნისა და ისტორიის წინაშე, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, ღირსეული მოქალაქეების იმედი აქვს, რომლებიც უარს იტყვიან ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაზე.

„მას შემდეგ, რაც საქართველო ექცევა იზოლაციაში, ამერიკა აწესებს სანქციებს, ევროპა ღიად ამბობს, რომ საქართველო ასე ვერ მოხვდება ევროკავშირში, როცა ივანიშვილის ხელისუფლება ლეწვა-მტვრევითა და დაკავებებით ინარჩუნებს ხელისუფლებას. ყველა თანამდებობის პირს, საჯარო სამსახურში მომუშავე ადამიანს უნდა ესმოდეს, რომ ის აღარ ემსახურება საქართველოს და ხალხს. ახლა თანამდებობაზე ყოფნა ნიშნავს, რომ ემსახურები პირადად ივანიშვილს და მისი ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის თანამონაწილე ხარ. საქართველო განსაცდელშია და დღეს დუმილი დანაშაულია. ივანიშვილმა ხელი მოაწერა საქართველოს უფსკრულში გადაჩეხას და თან აყოლებს ჩვენი შვილების მომავალს. ვინც ხმას არ იღებთ და აგრძელებთ ივანიშვილის მსახურებას და არა ხალხისას, უნდა გესმოდეთ რომ აბსოლუტურად იდენტურია თქვენი პასუხისმგებლობა ქვეყნისა და ისტორიის წინაშე. მაქვს იმედი ღირსეული მოქალაქეების, ადამიანების, ვინც უბრალოდ უარს იტყვით ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაზე. მადლობა ამერიკის შეერთებულ შტატებს ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის. ბოროტებაზე გამარჯვება ასე ახლოს არასდროს ყოფილა – ძალა ერთობაშია“, – წერს ლევან ხაბეიშვილი.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დღეს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია: „ვიწყებ აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ძირეულ გადახედვას, იმედი გვაქვს, საქართველოს ლიდერები გადახედავენ კანონპროექტს და გადადგამენ ნაბიჯებს ერის დემოკრატიული, ევროატლანტიკური მისწრაფებებისკენ“. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს შემოაქვს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკა, რომელიც გავრცელდება იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიის შელახვაზე, ასევე, მათი ოჯახის წევრების მიმართ.