ლევან ხაბეიშვილი - ხატია დეკანოიძემ ათი დღე ასაუბრა მთელი მედია და აზიანა „ნაციონალური მოძრაობა“, რუსული კანონის განხილვისას კი მაიამიში იყო, კომიტეტებზე ფიზიკურად ვიბრძოდით ჩვენ
ლევან ხაბეიშვილი - ხატია დეკანოიძემ ათი დღე ასაუბრა მთელი მედია და აზიანა „ნაციონალური მოძრაობა“, რუსული კანონის განხილვისას კი მაიამიში იყო, კომიტეტებზე ფიზიკურად ვიბრძოდით ჩვენ

ხატია დეკანოიძემ ათი დღე ასაუბრა მთელი მედია და აზიანა „ნაციონალური მოძრაობა“, რუსული კანონის განხილვისას კი მაიამიში იყო, კომიტეტებზე ფიზიკურად ვიბრძოდით ჩვენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, ერთმანეთის მიმართ ტალახის სროლას თვი უნდა დაანებონ.

„ხატია უპასუხისმგებლობებზე ლაპარაკობდა. შეგახსენებთ, თქვენს ეთერში იჯდა რუსულ კანონთან დაკავშირებით და ამბობდა, რომ უნდა შევიდე კომიტეტზე, ბოიკოტში რომ არის „ნაციონალური მოძრაობა“, ცუდიაო. ვიდრე გავიდოდა [პარტიიდან], ათი დღე ალაპარაკა ყველა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არის დაპირისპირება, ათი დღე ასაუბრა მთელი მედიასაშუალებები და აზიანა „ნაციონალური მოძრაობა“. როცა რუსული კანონის განხილვა იყო კომიტეტში, სად იყო, იცით, ხატია დეკანოიძე? მაიამიში, საქართველოში არ იყო და ვინ იყო, იცით, კომიტეტის განხილვებზე ფიზიკურ დაპირისპირებაში? ლევან ხაბეიშვილი, თემურ ჯანაშია, დავით ხაჯიშვილი. დიახ, ორივე კომიტეტზე ფიზიკურად ვიბრძოდით ჩვენ იქ, ხატია არ ყოფილა არცერთ კომიტეტზე. ეს არის სიმართლე და უკაცრავად, ერთმანეთთან ტალახის სროლას მოვეშვათ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.

რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს, ხაბეიშვილის განცხადებით, ოპოზიციის ინიციატივას „ნაციონალური მოძრაობის“ ხმები ექნება, თუმცა აინტერესებს, „სააკაშვილთან დაკავშირებით რატომ არ ჰქონდათ ისტერიკა კონკრეტულ ადამიანებს“.

„საერთოდ, აშშ-მა თქვა, რომ არის კორუმპირებული კლანი, მე არ ვიცი, რა უნდა გამოვიძიოთ დამატებით, მაგრამ ოპოზიციის ინიციატივაა, ჩვენ არასდროს ხელს არ ვუშლით. ცხადია, „ნაციონალური მოძრაობის“ ხმები ექნება. ოღონდ ამავე კოლეგებს მივმართავ, პრეზიდენტ სააკაშვილის წამებასთან დაკავშირებით პარლამენტში კომისია ვერ შეიქმნა. მიშა სააკაშვილთან დაკავშირებით რატომ არ ჰქონდათ ისტერიკა კონკრეტულ ადამიანებს“, – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.