ლევან ხაბეიშვილი - „იმედი“ მუდმივად ტყუილებს აშუქებს, რუხაძემ და მისმა პროპაგანდისტულმა არხმა უნდა იცოდნენ, რომ ძალადობის წახალისება არ დარჩება დაუსჯელი საერთაშორისო ტრიბუნაზე
ტელეკომპანია „იმედი“ არის ამ ქვეყანაში მთავარი პროპაგანდისტული არხი, რომელიც მუდმივად ტყუილებს აშუქებს. პენსიონერების მძარცველმა რუხაძემ და მისმა პროპაგანდისტულმა არხმა უნდა იცოდნენ, რომ ძალადობის წახალისება არ დარჩება საერთაშორისო ტრიბუნაზე დაუსჯელი, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ოპოზიციის საერთო ბრიფინგზე განაცხადა.
ლევან ხაბეიშვილის თქმით, ტელეკომპანია „იმედი“ ამ ქვეყანაში ქაოსის მთავარი „გამპრავებელია“.
„წამების, არაადამიანური მოპყრობის, ქაოსის მთავარი, მათ ენაზე უნდა ვთქვა, „გამპრავებელი“ ამ ქვეყანაში არის ტელეკომპანია „იმედი“, რომელიც მოქმედებს ისე, როგორც რუსეთში „რასია თუდეი“. ჩვენ, ყველამ ვნახეთ, რომ დიდ ბრიტანეთში დაიწყო გამოძიება ამ პროპაგანდისტული არხის წინააღმდეგ და საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს, რომ თავ-პირს როცა ალეწავენ ახალგაზრდებს, 19-20 წლის ბიჭებს უშვებენ ციხეში, ამ ყველაფერს შემდეგ „აპრავებს“ ტელეკომპანია „იმედი“. თუ იჭერენ მსახიობებს, ექიმებს, თუ გცემენ, თავის ქალას აგხდიან, შემდეგ ტელეკომპანია „იმედი“ მოგიყვებათ, რომ ყველაფერი არის ძალიან კარგად. პენსიონერების მძარცველმა რუხაძემ და ტელეკომპანია „იმედმა“ უნდა იცოდნენ, რომ რუსული პროპაგანდა, ძალადობის წახალისება საერთაშორისო ტრიბუნაზე დაუსჯელი არ დარჩება“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.