ლევან ხაბეიშვილი - ეს გამარჯვება ეკუთვნის თელავში ბატონ დავითს, აჭარაში - ბატონ შაქროს, ნიკას, გიორგის, ნონას და მათ დაუღალავ მხარდამჭერებს ვუწვდი მეგობრობის ხელს
ლევან ხაბეიშვილი - ეს გამარჯვება ეკუთვნის თელავში ბატონ დავითს, აჭარაში - ბატონ შაქროს, ნიკას, გიორგის, ნონას და მათ დაუღალავ მხარდამჭერებს ვუწვდი მეგობრობის ხელს

ბიძინას და მის მარიონეტებს მინდა, ვუთხრა, მათ თავზე ნამდვილად მოიყარა შავმა ღრუბელმა თავი და ქართველი ხალხი ამ რისხვას თავს დაატეხს რუს ოლიგარქს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილის განცხადებით, ახლა მთავარია გაერთიანება და საერთო მიზნებისთვის ბრძოლა.

„მინდა, უდიდესი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ხმა მისცა ჩემი და ჩემი მეგობრების ხედვას. ცხადია, მადლობა მინდა, ვუთხრა 50 ათასამდე ამომრჩეველს. ეს გამარჯვება ეკუთვნის ყველას, ვინც ჩართული იყო ამ არჩევნებში. ამ არჩევნებით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაამტკიცა, რომ მისი დამარცხება, ბრძოლის ველიდან გაყვანა, უბრალოდ, შეუძლებელია. ამ არჩევნებით პარტიამ დაამტკიცა, რომ ის არის არა ერთი რიგითი პარტია, არამედ დიდი ერთობა ჩვენი დაუღალავი ხალხისა, რომელსაც სწყურია გამარჯვება. ჩვენ დავუმტკიცეთ ყველას, მტერსაც და მოყვარესაც, ქვეყნის შიგნით და გარეთ, რომ ერთგულები ვართ იმ ღირებულებების, რომელიც სათავეში ედო „ნაციონალური მოძრაობის“ დაფუძნებას; ერთგულები ვართ იმ ფასეულობების, რომელმაც შექმნა „ვარდების რევოლუცია“. დემოკრატია ჩვენთვის სიტყვის მასალა არ არის. „ნაციონალური მოძრაობა“ არის ერთადერთი პარტია საქართველოში, რომელიც საქმით ამტკიცებს დემოკრატიული, დასავლური ფასეულობების ერთგულებას. ეს არჩევნები ამის ნათელი და პირდაპირი გამოვლინებაა. დღეიდან იწყება პროცესი, რომელიც ჩვენს ქვეყანას სამშვიდობოს გაიყვანს, ზუსტად ისე, როგორც ეს მიშამ და მისმა თანამებრძოლებმა გააკეთეს 2003 წელს. ჩვენ ვაპირებთ შრომას. დღეიდან ახალი ენერგიით ვიწყებთ რთულ, მაგრამ უწყვეტ ბრძოლას ოლიგარქიული რეჟიმის დასამარცხებლად. „ნაციონალური მოძრაობა“ დღეიდან იქნება ღია ყველა ახალი ადამიანისთვის, ძველი თუ ახალი თანამებრძოლისთვის, რომელსაც თუნდაც ერთი აგურის დადება შეუძლია ამ ბრძოლაში“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, გამარჯვება ეკუთვნის მიხეილ სააკაშვილს, ვინც ახლა სიცოცხლისთვის იბრძვის.

„ცხადია, პირველი გადაწყვეტილებებიც იქნება დაკაშირებული სააკაშვილის თავისუფლებისთვის ბრძოლასთან. მიშა, მინდა, შეგპირდე, არ გავჩერდებით, ვიდრე შენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ჩვენი ქვეყნის თავისუფლება არ იქნება უზრუნველყოფილი. ეს გამარჯვება ეკუთვნის ნიკა გვარამიას, რომელმაც დაამტკიცა, რომ ამ ბრძოლაში ჩვენი დამარცხება არის შეუძლებელი. ეს გამარჯვება ეკუთვნის ყველა პოლიტპატიმარს. ეს გამარჯვება ეძღვნება ჩვენს დებს და ძმებს უკრაინაში. ჩვენ ვართ მათ გვერდით. ეს გამარჯვება ასევე ეკუთვნის ნიკას და მის მომხრეებს, ნონას და მის მხარდამჭერებს, გიორგის და მის დაუღალავ მხარდამჭერებს, გიწვდით მეგობრობის ხელს, ჩემი მთავარი ამოცანაა, გავერთიანდეთ საერთო მტერთან ბრძოლაში. ბიძინას და მის მარიონეტებს მინდა, ვუთხრა, მათ თავზე ნამდვილად მოიყარა შავმა ღრუბელმა თავი და ქართველი ხალხი ამ რისხვას თავს დაატეხს რუს ოლიგარქს. ეს გამარჯვება ეკუთვნის სამშობლოდან დროებით გადახვეწილ ჩვენს ემიგრანტებს, მათი მონაწილეობა ამ არჩევნებში არის უდიდესი, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თქვენ დაბრუნდეთ. ეს გამარჯვება ეკუთვნის თელავში ბატონ დავითს, რომელსაც აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, აჭარაში – ბატონ შაქროს, რომელსაც აქვს სოციალური დახმარების პრობლემა, რომელსაც ეს დახმარება მოუხსნეს. ეს გამარჯვება ეკუთვნის ლაშას ზესტაფონში, რომელიც, ფაქტობრივად, სახელმწიფომ მიატოვა და ებრძვის უსამართლობას. ეს გამარჯვება ეკუთვნის ყველა ახალგაზრდას, რომელთა უდიდეს ნაწილს არ აქვს საშუალება, გადაიხადოს სწავლის გადასახადი“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.