ლევან ხაბეიშვილი – ენმ-ში ჩემი სტატუსი არის ხალხის სიყვარული, სითბო, ნდობა, გულწრფელად ვფიქრობ, რომ ამაში ახლაც ბევრი ვერავინ შემეცილება

20:48, 01.07.2026

ჩემთვის სტატუსი და თანამდებობა ენმ-ში არის ხალხის სიყვარული, სითბო, ნდობა, მათი დამოკიდებულება. გულწრფელად ვფიქრობ, რომ ამ სიყვარულსა და ნდობაში ახლაც ბევრი ვერავინ შემეცილება. შესაბამისად, ეს არის ჩემი სტატუსი და თანამდებობა ენმ-ში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ფეისბუქგვერდზე წერს.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, შიდა არჩევნებში 25 ათასი ხმა მიიღო და ისე გაიმარჯვა.

„ამდენ ხმაზე შიდა არჩევნებში კი არა, პარტიები ეროვნულ არჩევნებში ოცნებობენ. კიდევ ბევრი დრო დასჭირდება, რომ ამხელა ნდობით, მანდატითა და შიდა დემოკრატიით აირჩიონ „ლიდერი“. მაშინაც ეს პოზიცია მქონდა და ახლაც ასე ვფიქრობ. არჩევნების დროსვე განვაცხადე, რომ ამ პარტიის უპირობო ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი და რადგან ის ტყვეობაშია, მხოლოდ ამიტომ ვმონაწილეობდი არჩევნებში და არა რაიმე ამბიციების გამო.

2024 წელს, როდესაც არჩევნები ახლოვდებოდა და ამასობაში სახის ძვლები დამილეწეს, ღმერთის წყალობით ინვალიდობას გადავრჩი, სწორედ მაშინ დადგა ოპოზიციის გაერთიანების საკითხი.

შიდა საუბრებში სხვა ოპოზიციონერები, ჩემთან ერთად, კოალიციას სკეპტიკურად უყურებდნენ. ჩემი „დონე“ არ მოსწონდათ. ამასთან, ივანიშვილის ქოცპროპაგანდა დილა-საღამოს მებრძოდა, მაშავებდა, ხოლო ამ ყველაფერს ოპოზიცია შიგნით იყენებდა და ცხადია, ეს საკითხი მარტივად გადავწყვიტე. თანამდებობა, საარჩევნო სია (სადაც მეთოთხმეტე ვიყავი) ჩემთვის მეათეხარისხოვანი იყო. შესაბამისად, საერთო საქმისთვის გავიწიე..

თუ მე ვიყავი პრობლემა, რომ ბიძინაზე გაგვემარჯვა და ერთობა ყოფილიყო, აბა, ამ საკითხს როგორ დავაყენებდი კითხვის ნიშნის ქვეშ?! ხო და ხუთ წუთში ვთქვი, რომ მე გავიწევი და აგერ ბურთი და აგერ მოედანი. ცხადია, „მე“ მიზეზი ვიყავი, თორემ არავინ არსად არ გაერთიანდა…

მიკროფონებისთვის იომეს და საბოლოოდ ყველა ციხეში გაგვაერთიანა ბიძინამ.

არც მომავალში ვაპირებ, რაიმე პროცესში შემაფერხებელი ვიყო. თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ძალიან ძლიერად ვგრძნობ თავს და ისიც ვიცი, ენმ-სთან და ხალხთან ერთად, როგორ მივიყვან ბრძოლას ბოლომდე.

არანაირი თანამდებობა არ მჭირდება იმისთვის, რომ ვემსახურო ჩემს ხალხს! მე ვარ მოსამსახურე ჩემი ხალხის და შესაბამისად მათი სიყვარული და ნდობა არის ჩემი უმაღლესი თანამდებობა!

ერთადერთ რამეზე მაქვს „პრეტენზია“, მაქვს ამბიცია, რომ ბევრი ვერ შემეჯიბრება საქმეში, ბრძოლაში და ხალხის ჩემდამი დამოკიდებულებაში. საერთოდ არ მგონია ახლა ეს საკითხი საინტერესო, განსახილველი, მაგრამ რადგან ჩემგან დამოუკიდებლად აქტუალური გახდა ეს თემა, მეც გაგიზიარეთ ჩემი პოზიცია. და მაინც, საქმეს მივხედოთ, საქმეს…“, – წერს ლევან ხაბეიშვილი.

მსგავსი