ლევან ხაბეიშვილი - ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ, ოპოზიციამ დაიწყონ კონსულტაციები რიგგარეშე არჩევნების თემაზე და იყოს ერთიანობა
ლევან ხაბეიშვილი - ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ, ოპოზიციამ დაიწყონ კონსულტაციები რიგგარეშე არჩევნების თემაზე და იყოს ერთიანობა

ჩვენ უნდა მოვემზადოთ დიდი სახალხო დღესასწაულისთვის, ზეიმისთვის, რაც ნიშნავს იმას, რომ რუსულ ოცნებას გავისტუმრებთ ჩვენი ქვეყნის სათავიდან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით უნდა მოხდეს, თუმცა 2024 წლამდე.

„რუსული მოღალატეობრივი პარტია, რომელიც დღეს მართავს ქვეყანას, ძარცვავს ჩვენს მოქალაქეებს და თვითონ მდიდრდება. ამასობაში, ქვეყნის გარეთ ეწევა მოღალატეობრივ პოლიტიკას და არცხვენს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. შესაბამისად, ამ ადამიანების თითოეული დღე ხელისუფლებაში ყოფნის არის პრობლემა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ხალხისთვის, ქვეყნისთვის და სახელმწიფო ინტერესებისთვის. ამიტომ, მნიშვნელოვანია ამ ადამიანების გაშვება ხელისუფლებიდან. ეს უნდა მოხდეს არჩევნების გზით და მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს სწრაფად, რადგან დასაკარგი დრო ჩვენ არ გვაქვს, 2024 წლამდე ვერ დაველოდებით ამ ხელისუფლების ანტისახელწიფოებრივ მოქმედებს. ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებამ, ოპოზიციამ დაიწყოს კონსულტაციები ამ თემასთან დაკავშირებით და იყოს ერთიანობა. დაქსაქსული, გათითოკაცებული და დაპირისპირებული ოპოზიცია არის წამალი და მისწრება რუსული კრიმინალური პარტიისთვის და მმართველობისთვის. მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით ყველამ ვიმუშაოთ, როგორც პარტიებმა ასევე სამოქალქო საზოგადოებამ“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილთან მსგავსი გადაწყვეტილებები შეთანხმებულია.

„პრეზიდენტ სააკაშვილთან კონსულტაციები მიმდინარეობს ხოლმე, ჩვენდა სამწუხაროდ, ციხეში. ეს ადამიანი პუტინის პირადი ტყვეა. ყოველდღიურ რეჟიმში ფაქტობრივად ჩემი თანაგუნდელები პრეზიდენტ სააკაშვილთან ვცვლით ინფორმაციას. საბოლოო ჯამში, ეს კონკრეტული გადაწყვეტილებები ერთმანეთთან შეთანხმებულია. პრეზიდენტ სააკაშვილთან ამაზე საუბარი იყო. მას თავის კონკრეტული ხედვები აქვს, რასაც საზოგადოებას ხვალ გააცნობს. ის თვლის, რომ ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს ამ რუსული პარტიის ჩანაცვლება და ხელისუფლების გაშვება. ის ამაზე მუდმივად საუბრობს. ჩვენ უნდა მოვემზადოთ დიდი სახალხო დღესასწაულისთვის, ზეიმისთვის, რაც ნიშნავს იმას, რომ რუსულ პარტიას, რუსულ ოცნებას გავისტუმრებთ ჩვენი ქვეყნის სათავიდან. ეს არის ყველზე მნიშვნელოვანი, ადამიანები იქნებიან პარლამენტში, არ იქნებიან ეს ხელს არ უშლის იმას, რომ დიდი ზეიმისთვის მოვემზადოთ, რაც ნიშნავს ქართული ოცნების დამარცხებას. კიდევ რაიმე განსხვავებები და განხეთქილება შემოვიტანოთ ოპოზიციაში არ არის საინტერესო და მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.