ლევან ხაბეიშვილი - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აფხაზეთიდან დევნილ არახამიას აქვს სურვილი, დაეხმაროს საქართველოს
ლევან ხაბეიშვილი - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აფხაზეთიდან დევნილ არახამიას აქვს სურვილი, დაეხმაროს საქართველოს

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აფხაზეთიდან დევნილ არახამიას აქვს სურვილი, დაეხმაროს საქართველოს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, დავით არახამია წუხს საქართველოს ბედზე და არასდროს დაუმალავს ეს თავისი პოლიტიკური საქმიანობის დროს.

„დავით არახამია არის ქართველი, ის არის აფხაზეთიდან დევნილი. ცხადია, მას აინტერესებს, წუხს საქართველოს ბედზე და არასდროს დაუმალავს თავისი პოლიტიკური საქმიანობის დროს. რუსეთთან რომ იბრძვის, რუსეთთან რომ ომშია უკრაინა და მაღალ თანამდებობაზე არის არახამია, იმ პირობებში, როცა ეს ადამიანი აფხაზეთიდან დევნილია, აბსოლუტურად ნორმალური და ლოგიკურია, უნდოდეს თავისი ქვეყნის ძლიერება, საერთო მტრის – რუსეთის დამარცხება. ამიტომ ქართველი არახამიას ფეისბუქგვერდიც თუ იქნება ქართულად, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, მეტიც, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აფხაზეთიდან დევნილ არახამიას აქვს სურვილი, დაეხმაროს საქართველოს. ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენს უკრაინელ ძმებთან ერთად გვყავს ეს მტერი – რუსეთი და რუსეთი აღარ არის მარტო ორი ან სამი ქვეყნის მტერი, ეს არის ცივილიზებული სამყაროს, მშვიდობის მტერი. ამიტომ საქართველოს არახამიას, ქართველის, აფხაზეთიდან დევნილი ადამიანის დახმარება ნამდვილად სჭირდება. რა კონკრეტული გადაწყვეტილება ექნება, ჩემთვის უცნობია, მას ჰკითხეთ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, უკრაინის რადას მმართველი ფრაქციის თავმჯდომარემ, დავით არახამიამ სოციალურ ქსელში დაწერა: „საქართველოში ხალხს სურს ევროპა, არის საშინაო დავალებები და გზა, გპირდებით, ჩემს პრეზიდენტთან ერთად, დავეხმარები მშობლიურ საქართველოს ამ უფსკრულის სწრაფად გადალახვაში“.