ლევან ხაბეიშვილი ჟურნალისტებს - თქვენ პროპუტინისტურ არხებს ემსახურებით, რომ თავი გამოულაყოთ ხალხს
ლევან ხაბეიშვილი ჟურნალისტებს - თქვენ პროპუტინისტურ არხებს ემსახურებით, რომ თავი გამოულაყოთ ხალხს

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, საქართველოს დღეს მართავს კრემლის აგენტურა.

ლევან ხაბეიშვილს კითხვა დაუსვეს უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილი თავმჯდომარის იმ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, „სააკაშვილი და პოროშენკო განიხილებოდნენ დაზვერვის მომავალ თანამშრომლებად, მათთან მუშაობდნენ უკრაინული სპეცსამსახურები, რომლებიც შედიოდა კგბ-ში“.

„ერთი, რაც ვიცი, კრემლის აგენტურა მუშაობს საქართველოში. ესენი არიან ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე. ირაკლი კობახიძესა და მარგარიტა სიმონიანს შორის განსხვავება არ არის. ირაკლი კობახიძესა და სოლოვიოვს შორის განსხვავება არ არის, პუტინსა და ივანიშვილს შორის განსხვავება არ არის. დანარჩენი, ჩემო ძვირფასებო, თქვენ რასაც პროპაგანდირებთ, თქვენთვის შეინახეთ. გყავთ ოჯახები, ახლობლები, მეზობლები, გადახედეთ, გარბის ხალხი და თქვენ პროპუტინისტურ არხებს ემსახურებით, რომ თავი გამოულაყოთ ხალხს. ეს არის ჩემი პასუხი თქვენს კითხვაზე, შეიძლება მოგწონდეთ ან არ მოგწონდეთ, ეს არის ჩემი პასუხი“, – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.

ამასთან, ლევან ხაბეიშვილს ჟურნალისტებმა ჰკითხეს ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადების თაობაზეც. ხაბეიშვილის თქმით, ევროპელი კოლეგები აფასებენ ვითარებას, რაც ხდება სააკაშვილთან დაკავშირებით.

„ერთი პრეზიდენტი მოვკალით ამ ქვეყანაში, 30 წელია, ეს იარა ვერ მოვიშუშეთ და დღეს, საინფორმაციო ეპოქაში როგორ შეიძლება, პრეზიდენტს კლავდე პირდაპირ ეთერში, თან ვის, პუტინთან მებრძოლ პრეზიდენტს, რომელმაც ააშენა სახელმწიფო ინსტიტუტები. დიახ, ევროპელი კოლეგები ამას აფასებენ და ამბობენ, რომ ჩვენ არ დავუშვებთ, პუტინთან მებრძოლი მთავარსარდალი მოკლათ და მერე თურმე მიგიღოთ ევროკავშირში. არ გამოვა ასე. ქართველ ხალხს აქვს ძალიან მარტივი არჩევანი გასაკეთებელი ბოროტებასა და სიკეთეს შორის, რუსეთსა და დასავლეთს შორის და დარწმუნებული ვარ, რომ ეს არჩევანი არის გაკეთებული. ეს, უბრალოდ, ქართველ ხალხთან ერთად უნდა მივიყვანოთ ბოლომდე, გამარჯვებამდე“, – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.