ლევან ხაბეიშვილი - დავით კეზერაშვილი მიხედავს საკუთარ თავს, რომელიმე ქვეყანაში რაიმე საქმის წარმოება თუ დაიწყება, დარწმუნებული ვარ, ყველაფერს პასუხს გასცემს
ლევან ხაბეიშვილი - დავით კეზერაშვილი მიხედავს საკუთარ თავს, რომელიმე ქვეყანაში რაიმე საქმის წარმოება თუ დაიწყება, დარწმუნებული ვარ, ყველაფერს პასუხს გასცემს

ძალიან მარტივი ჭეშმარიტებაა, დავით კეზერაშვილი მიხედავს საკუთარ თავს, მით უმეტეს, თუ საზღვარგარეთ რაიმე გამოძიება იწარმოებს, ეჭვი მაქვს, რომ ყველაფერს გაეცემა პასუხი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა „ბიბისის“ ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, სქემაში ნახსენები ადამიანები „ქართული ოცნების“ ბიზნესმოკავშირეები არიან.

„ჩვენ მივხედოთ, ევროკავშირის რეზოლუციებში რომ წერია, რუსი ოლიგარქია ბიძინა ივანიშვილი და ჩვენს ევროპულ პერსპექტივას საფრთხეს უქმნის, მოსამართლეები რომ დასანქცირებული არიან და რუსეთში რომ მიგვათრევს ბიძინა ივანიშვილი, ამ პრობლემებს მივხედოთ, ეს არის დღეს ჩვენი ხალხის პრობლემა. „ბიბისის“ გამოძიება უმნიშვნელოვანესია და თუ იარსებებს იდეაში რაიმე გამოძიება, რომელიც ამ დრომდე არ არსებობს, პასუხი გაეცემა. ამიტომ დავით კეზერაშვილი თავის თავს მიხედავს. უბრალოდ, საქართველოში რომ დღეს ეკონომიკური სიდუხჭირეა, რუსეთში რომ მიგვათრევენ, სტატუსს რომ საფრთხე ემუქრება, ამის განსაზღვრელი ეს ვერ არის.

ცხადია, უმნიშვნელოვანესია ეს სიუჟეტი და დარწმუნებული ვარ, თუ რომელიმე ქვეყანაში რაიმე საქმის წარმოება დაიწყება, კეზერაშვილი ყველაფერს გასცემს პასუხს. ასევე, მინდა, შევახსენო საზოგადოებას, რომ იმ სქემაში ნახსენები ადამიანები საქართველოში დღეს არიან „ქართული ოცნების“ ბიზნესმოკავშირეები, სამეწარმეო საქმიანობასაც ეწევიან და საქართველოშიც გადაადგილდებიან აბსოლუტურად თავისუფლად, ყოველგვარი პრობლემის გარეშე. ესენი არიან მგელაძე და ბენიამინი, რომლებსაც ბიზნესები აქვთ საქართველოში, კალაძის მერიის გვერდით ოფისები აქვთ. მაგალითად, მე შემიძლია დაგიდასტუროთ, ამ ქვეყანაში რომ ტრანსნაციონალური დანაშაული მექად აქცია ბიძინა ივანიშვილმა, უჩა მამაცაშვილმა და გრიგოლ ლილუაშვილმა. რაიმე გამოძიება თუ იარსებებს, იმას პასუხი აუცილებლად უნდა გაეცეს და გაეცემა“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ამასთან, საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის დღევანდელ განცხადებას, რომ „ყოფილი ხელისუფლების მიერ ხდებოდა ორგანიზებულად სახელმწიფოს ძარცვა, რისი გაგრძელებაცაა მეგობარი ქვეყნების პენსიონრების გაძარცვა“, – ხაბეიშვილი პასუხობს: „შევახსენოთ საზოგადოებას, რომ ჯუანშერ ბურჭულაძე არის ბიძინა ივანიშვილის ბანკის პლასტიკური ბარათების დამამზადებელი და მას რომ საქართველოს თავდაცვა და უსაფრთხოება აბარია, ეს არის ოლიგარქიული მმართველობა, გამოძიების საგანია, როგორ მოხვდა პლასტიკური ბარათების დამამზადებელი კაცი პირდაპირ თავდაცვის მინისტრად. ოლიგარქიულ, რუსულ მმართველობაზე როდესაც ვსაუბრობთ, ეს არის კლასიკური მაგალითი. რაც შეეხება შეიარაღებას, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ იცის, რომ, მაშინდელ თავდაცვის მინისტრ თევზაძეს ვციტირებ, 2003 წლამდე „რაგატკებიც“ არ ჰქონდათ. ამიტომ მას შემდეგ საქართველოს თავდაცვისუნარიანობა არათუ გაიზარდა, არამედ ევროპული სტანდარტის იყო. პლასტიკური ბარათების მწარმოებელს თუ პლასტიკური ბარათების დამამზადებელს ახლა რომ ჩააბარეს, ნამდვილად სავალალო მდგომარეობაშია და ჩვენს თავდაცვას ნამდვილად სჭირდება დახმარება. რაც შეეხება გამოძიებას, ცხადია, არ მიკვირს, რომ გამოძიება იწყება იმ ადამინების მიმართ, რომლებიც არ მოსწონს რუს ოლიგარქს. ეს მათი დამახასიათებელი სტილია და ისინი ებრძვიან ყველას, ვინც არ ემონებიან, არ ემორჩილებიან ან რაიმე სახით აწუხებენ“.

„ბიბისიმ“ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიების მასალები, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონრების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული.