ლევან ხაბეიშვილი - ჩემი რეცეპტია რეჟიმის დამხობა, 4 ოქტომბერს დედაქალაქში მთელი საქართველო ჩამოვიდეს და ქალაქი დავიკავოთ, საჭირო თუ გახდება, კონკრეტული ზომებიც მივიღოთ
ბიძინა ივანიშვილს მხოლოდ ხალხის ძალის ეშინია და ივანიშვილის რეჟიმი უნდა დაემხოს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციურმა პარტიებმა 4 ოქტომბერამდე მთელი ქვეყანა უნდა მოიარონ, არჩევნების დღეს დედაქალაქში მთელი ქვეყანა შეიკრიბოს და თბილისი დაიკავოს.
„ბიძინა ივანიშვილს მხოლოდ ხალხის ძალის ეშინია და ივანიშვილის რეჟიმი უნდა დაემხოს. როგორ უნდა დავამხოთ? ოქტომბერში არის დედლაინი, მანამდე ბიჭების სასამართლოები იქნება, წინ ცხელი ზაფხული გველოდება. 4 ოქტომბერს არ უნდა მივცეთ სპექტაკლის ჩატარების შესაძლებლობა ბიძინა ივანიშვილს. ისინი არჩევნებში ხომ სპექტაკლს ატარებენ. სამი თვეა იქამდე და ჩვენ, პარტიებმა, ყველამ მთელი საქართველო უნდა მოვიაროთ, ხელი ჩავკიდოთ, მთელ საქართველოს ვუთხრათ, 4 ოქტომბერს ისინი თუ ატარებენ ე.წ. სპექტაკლს, მთელი საქართველო ჩამოვიდეთ დედაქალაქში და დავიკავოთ დედაქალაქი. საჭირო თუ გახდება, კონკრეტული ზომებიც მივიღოთ. ხელისუფლების წყარო არის ხალხი. სანამ ივანიშვილი არ გაიქცევა, არაფერი გამოვა. ჩემი რეცეპტია – დამხობა. ახლა რანაირად მოგიყვეთ დეტალებში, როგორ უნდა დავამხოთ რეჟიმი? მთელი საქართველო უნდა ჩამოვიდეთ და მოძალადეებს, ხარებასა და მისნაირ კრიმინალებს არ უნდა მივცეთ გატაცების შესაძლებლობა, აქციის დარბევის შესაძლებლობა, ადამიანების დასახიჩრების შესაძლებლობა. ეს უკვე ვისწავლეთ, ვნახეთ, გამოვცადეთ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.