ლევან ხაბეიშვილი - არაფრის მეშინია, არაფერზე დავიხევ უკან, არაფრის კომპლექსი არ მაქვს, ვიბრძოლებ, ვიდრე ევროპული მომავალი არ იქნება გარანტირებული, ვიდრე სააკაშვილი არ იქნება დახსნილი
ლევან ხაბეიშვილი - არაფრის მეშინია, არაფერზე დავიხევ უკან, არაფრის კომპლექსი არ მაქვს, ვიბრძოლებ, ვიდრე ევროპული მომავალი არ იქნება გარანტირებული, ვიდრე სააკაშვილი არ იქნება დახსნილი

არ შეგეშინდეთ სიმართლის თქმის, არ დაგაკომპლექსოთ ვირეშმაკებმა, რუსულმა პროპაგანდამ, უსაქმურმა ადამიანებმა, რომლებსაც მხოლოდ კრიტიკა და ლანძღვა შეუძლიათ, გამოდით ყოველდღიურად და იბრძოლეთ ჩვენთან ერთად, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

„როდესაც აქციას ვგეგმავდით და იცით, რომ 20 რიცხვი არის ფეიგინის დაანონსებული, მათ შორის, ჩემმა მეგობრებმა იკითხეს – იცი რა, სამუშაო საათებია, სამუშაო დღეა, მოვა ხალხი? აი, ბევრი რომ არ იყოს, იმ რაოდენობის რომ არ იყოს?  ნუ დაგვაკომპლექსეს, ჩემო ძვირფასებო. ჩვენ გამოვხატავთ საქართველოს მოქალაქეების 80 პროცენტის აზრს, ვისაც არ უნდა რუსეთი და ვისაც უნდა ევროპა. სულ რომ ერთმა ადამიანმა თქვათ ეს ჭეშმარიტება, არ შეგეშინდეთ სიმართლის თქმის, არ დაგაკომპლექსოთ მართლა ვირეშმაკებმა, რუსულმა პროპაგანდამ, უსაქმურმა ადამიანებმა, რომლებსაც მხოლოდ კრიტიკა და ლანძღვა შეუძლიათ. არ დაგაკომპლექსოთ, გამოდით ყოველდღიურად და იბრძოლეთ ჩვენთან ერთად, ჩვენს მაგარ მეომრებთან ერთად, ქედელებთან, სენაკელებთან, ხაშურელებთან, რუსთაველებთან, ქუთაისელებთან, მცხეთელებთან, თბილისელებთან ერთად. გამოდით და ყველამ ერთად დავიხსნათ ჩვენი ქვეყანა რუსული კლანჭებიდან“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მისი თქმით, აქციის მონაწილეების მიზანია, მათი ხმა გააგონონ მთავრობის წევრებს.

„დიახ, ამდენი ხნის შემდეგ პირველად ხდება, რომ სამუშაო საათებში, სამუშაო დღეს ვართ კანცელარიასთან. დიახ, მთავრობის წევრები რომ არიან კანცელარიაში, უნდა გავაგონოთ ხმა – საქართველოს რუსების გარეშე გაუმარჯოს! საქართველოს ივანიშვილის გარეშე გაუმარჯოს!  ჩემო ძვირფასებო, არაფრის მეშინია თქვენთან ერთად. არაფერზე დავიხევ უკან თქვენთან ერთად. არაფრის კომპლექსი არ მაქვს თქვენთან ერთად და ვიბრძოლებ, ვიდრე ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი არ იქნება გარანტირებული,  ვიდრე პუტინის ტყვე პრეზიდენტი სააკაშვილი არ იქნება დახსნილი და სანამ ჩვენი შვილების უკეთესი მომავალი არ იქნება უზრუნველყოფილი“, – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.

მან ასევე მიმართა ხელისუფლების წამომადგენლებს.

„მინდა, ერთი გაფრთხილება მივცე რუსულ რეჟიმს, რუსულ მთავრობას, მოღალატე პარტიას, ევროკავშირმა დაწერა ისტორია და რომ გავა წლები, „ქართული ოცნების“ უმრავლესობის წევრებს, პარლამენტარებს, მთავრობის წევრებს მოგიწევთ თქვენი შვილებისთვის თვალებში ჩახედვა და პასუხის გაცემა, როგორ იყავით მოღალატის გვერდით. არავინ იფიქროთ, რომ ეს ისტორია წაიშლება, არავინ იფიქროთ, რომ ვინმეს რამე დაავიწყდება. შეიძლება, ახლა ვერ გრძნობთ შავი, დაბურული ჯიპებიდან, აშენებული სასახლეებიდან, ვილებიდან, ვერ გრძნობთ და ვერ ხედავთ, არ გესმისთ, მაგრამ იცოდეთ, ისტორია ამ ყველაფერს შეაფასებს და თქვენ დაგარქმევთ მოღალატეებს, რუსებს, ბოროტების მსახურებს და ეს არის ყველაზე დიდი სირცხვიული, რასაც ჩადიხართ საქართველოს სახელმწიფოს წინაშე“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მისივე თქმით, ხალხი გამადიდებელი შუშით აკვირდება და არწმუნებს მხარდამჭერებს, რომ ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე.

„მინდა, ერთი გთხოვოთ თითოეულ თქვენგანს, ვინც ახლა ტელევიზორში გვიყურებთ, ჩემო ძვირფასებო, პროტესტი არსად წასულა, პროტესტი არის ხალხში, პროტესტი არის დაგროვილი, ხალხმა იცის, რომ გვჭირდება მოქმედება, ერთობა და ახლა გვაკვირდება გამადიდებელი შუშით, აბა, თუ შუძლიათ ბოლომდე ბრძოლა, თუ შეუძლიათ, ხელები არ ჩამოუშვან, ეს საქმე მიიყვანონ ბოლომდე. მინდა, თითოეულ თქვენგანს მივცე პირობა და ამას ვაკეთებ ყველგან, სადაც ჩავდივარ, ხუთ, ათ, ას, ათას ადამიანთან, ვისთანაც მაქვს შეხება, ვარწმუნებ, რომ ეს არის უკომპრომისო და საბოლოო ბრძოლა გამარჯვებამდე“, – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.