ლევან ხაბეიშვილი - კარგია, რომ გახარია ამ აზრზე მოვიდა
ლევან ხაბეიშვილი - კარგია, რომ გახარია ამ აზრზე მოვიდა

კარგია, რომ გახარია ამ აზრზე მოვიდა. მე 2012 წლიდან ვთვლი, რომ ივანიშვილი არის კრემლის მართული ოლიგარქი, მისი ამოცანა არ იყო ქართველი ხალხის კეთილდღეობა. მისი ამოცანა იყო, რაც შეიძლება დაებეჩავებინა ქართველი ხალხი, უკან დაეხია ჩვენი ქვეყანა, მათ შორის ეკონომიკურად, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

„ვხედავთ, რომ ასიათასობით ჩვენი მოქალაქე გარბის ქვეყნიდან. დღეს რომ ამბობს ამას გახარია, კარგია. ვფიქრობ, ვინც თავის დროზე ბიძინა ივანიშვილს გულწრფელად დაუჭირა მხარი, ძალიან ბევრი ადამიანი თვლის ასე. კვლევებიც საუბრობს, რომ 80 პროცენტს უნდა ევროკავშირში, არ უნდა, რუსეთის გუბერნია ვიყოთ. 80 პროცენტი და უფრო მეტი მხარს უჭერს უკრაინის გამარჯვებას, რადგან ხალხმა იცის, რომ უკრაინის გამარჯვება ნიშნავს ჩვენი ქვეყნის გამარჯვებას, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივას. ეს კარგად ესმის ჩვენს მოსახლეობას. დარწმუნებული ვარ, რომ გახარიას მსგავსად კიდევ სხვა ყოფილი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებიც თუ მაღალი თანამდებობების პირებიც ფიქრობენ, სწორია გახარია რასაც ამბობს“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

ამასთან, ხაბეიშვილის თქმით, გიორგი გახარიას განცხადება, რომ „ნაციონალური მოძრაობას“ მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი აინტერესებს, არ არის სწორი.

„ჩემი აზრით, პოლიტიკურად უმწიფარი უნდა იყოს ადამიანი, რომ ევროკავშირის რეზოლუცია არ გაითვალისწინოს, არ ჩაიხედოს მასში და არ ამოიკითხოს, რაზე საუბრობს ევროკავშირის რეზოლუცია. იქ საუბარია, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ ხორციელდება ვენდეტა და ამ ვენდეტას ახორციელებს ბიძინა ივანიშვილი. ბიძინა ივანიშვილი არის ქვეყნის მოღალატე და პრეზიდენტი სააკაშვილი არის პუტინი ტყვე. შესაბამისად, ეს არ არის მაინცდამაინც დიდი პოლიტიკოსის განცხადება“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.