ლევან იზორიამ თურქ კოლეგას თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოში ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრი, ჰულუსი აკარი იმყოფება.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით. საზეიმო ღონისძიებაზე დასწრებისა და პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ თურქ კოლეგას თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა.

თავდაცვის სამინისტროს სამწყობრო მოედანზე გამართული ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ, ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა ორმხრივი შეხვედრა გამართეს, სადაც საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავდაცვის სფეროში არსებული და მომავალი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ლევან იზორიამ სტრატეგიულ პარტნიორს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე ურყევი მხარდაჭერისთვის, ასევე, საქართველოს თავდაცვის ძალების აღმშენებლობისა და განვითარების პროცესში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თურქულ მხარეს თავდაცვის ძალებში განხორციელებული რეფორმები გააცნო და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის პროცესში, თურქეთის როლი ხაზგასმით აღნიშნა.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საუბარი სამხედრო განათლების კუთხით არსებულ ინტენსიურ თანამშრომლობას, თურქეთის შეიარაღებული ძალებისა და საქართველოს თავდაცვის ძალების ერთობლივ სამხედრო წვრთნებში მონაწილეობასაც შეეხო.

მინისტრებმა იმედი გამოთქვეს, რომ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე სამმხრივ ფორმატში კიდევ უფრო გაფართოვდება, რაც რეგიონში უსაფრთხოების არქიტექტურის განმტკიცების პროცესს ხელს შეუწყობს. ლევან იზორიას განცხადებით, ერთობლივი თანამშრომლობით შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება კიდევ უფრო გაძლიერდება.

მოგვიანებით თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა და დელეგაციის წევრებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირთა მოედანზე მდებარე მემორიალი გვირგვინით შეამკეს.