ლევან იზორია - უსაფუძვლო ბრალდებებს ყველაზე მეტად თავდაცვის ძალები განიცდის, ამიტომ გთხოვოთ, ყველა გამონათქვამს სერიოზულობით მოვეკიდოთ
ლევან იზორია - უსაფუძვლო ბრალდებებს ყველაზე მეტად თავდაცვის ძალები განიცდის, ამიტომ გთხოვოთ, ყველა გამონათქვამს სერიოზულობით მოვეკიდოთ

ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პასუხისმგებლიანად, თქვენი და მოსახლეობის წინაშე, იმ სტრატეგიული ამოცანების შესასრულებლად, რასაც ქვეყნის ნატო-ში და ევროკავშირში ინტეგრაცია ჰქვია, ყველაფერი მაღალ ხარისხში იყოს აყვანილი, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ, პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ მიმართულებით საქართველოს უპრეცედენტო აღიარება აქვს შესაძლებლობის ფარგლებში, რასაც ბევრი ფაქტორი მოწმობს.

„ამას მოწმობს აშშ-ის თავდაცვის მდივნის წერილები, მათ შორის მოქმედი თავდაცვის მდივნის წერილი, რომელიც მათ შორის ერთი თვის წინ გამოგზავნა, შარშან გამოგზავნა, სადაც ის აღიარებს ამ დიდ მიღწევებს, ამას მოწმობს გენერალური მდივნის ვიზიტის ფარგლებში გაჟღერებული შეფასებები. ამ ფონზე, როდესაც ვისმენთ, თითქოსდა, კორუფციაა თავდაცვის უწყებაში, თითქოსდა, კრიმინალმა იმატა და ე.წ. დედოვშჩინამ, ეს არის, როგორც ბატონმა თავდაცვის ძალების მეთაურმა ბრძანა, ერთგვარი ჰიბრიდული შემოტევა, რადგან ამას ყველაზე მეტად იზორია კი არ განიცდის, იზორია სულ არ უყურებს, თუ გაინტერესებთ, ამას ყველაზე მეტად განიცდის თავდაცვის ძალები“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

მისი თქმით, ტოტალურ თავდაცვაზე საუბრისას, მხედველობაში ჰქონდა, მათ შორის საინფორმაციო-ფსიქოლოგიური თავდაცვაც.

„ჰიბრიდული შეტევა სწორედ ამ ორ ველზეა ყველაზე აქტიური და მოსალოდნელი. ამიტომ ძალიან გთხოვოთ, ყველა გამონათქვამს მაქსიმალური სერიოზულობით მოვეკიდოთ“, – განაცხადა პარლამენტში გამოსვლისას იზორიამ.

მან დეპუტატებს სთხოვა, დაუსვან კრიტიკული კითხვები, რათა საზოგადოება მაქსიმალურად დაარწმუნოს გავრცელებული მცდარი ინფორმაციებისა და ტყუილების საპირისპიროში.

ლევან იზორიას დღეს საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.