ლევან იზორია - სწავლება მასშტაბით ასახავს იმ მზარდ დინამიკას, რომელიც ნატო-სთან თანამშრომლობის თვალსაზრისით გვაქვს
ლევან იზორია - სწავლება მასშტაბით ასახავს იმ მზარდ დინამიკას, რომელიც ნატო-სთან თანამშრომლობის თვალსაზრისით გვაქვს

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს სწავლება თავისი მასშტაბითა და ფუნქციური დატვირთვით, ერთ-ერთი გამორჩეული სწავლებაა თავდაცვის ძალების ისტორიაში, – ეს განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ მრავალეროვნული სწავლების – Agile Spirit 2019 დახურვის ცერემონიაზე გააკეთა. ლევან იზორიამ სწავლებაში მონაწილე ნატო-ს წევრი და პარტნიორი მონაწილე ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებს და აშშ-ის არმიის ევროპის სარდლობას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მომავალში სწავლების მასშტაბის გაფართოება იგეგმება.

„ჩვენ უკვე წელს ვგეგმავთ მომავალი „მტკიცე სულის“ სწავლებების მასშტაბების გაფართოებას, რომელიც, როგორც სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობაში, ისე მის ფუნქციურ დატვირთვაშიც აისახება“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სწავლების მასშტაბი ასახავს იმ მზარდ დინამიკას, რომელიც საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის თვალსაზრისით აქვს.

„დინამიკა ორიენტირებულია მომავლისკენ და ამ დინამიკით ჩვენ აბსოლუტურ თანხვედრაში ვართ სწორედ აქ, ერთი წლის წინ, ჩვენს მიერ გაცხადებულ სტრატეგიული მზადყოფნის მიდგომასთან, რომელიც ჩვენი თავდაცვის ძალების მომზადების და ნატო-ს სტანდარტებთან თავსებადობის მაღალ დონეს გულისხმობს. ამ მაღალი ხარისხის მზადყოფნის შეფასების, მისი გაზომვის საფუძველს გვაძლევს აღნიშნული მრავალეროვნული სწავლება, რომელიც სიამაყით მინდა ვთქვა, ჩვენ წარმატებით დავასრულეთ. სწავლების მთავარი გზავნილიც სწორედ არის „ძალა პარტნიორობაშია“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.