ლევან იზორია - ნატო-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის უპრეცედენტო დინამიკაა
ლევან იზორია - ნატო-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის უპრეცედენტო დინამიკაა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ვიზიტად ბრიუსელში იმყოფება, სადაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შტაბ-ბინა ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრებს მასპინძლობს.

თავდაცვის მინისტრმა მედიის წარმომადგენლებთან ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა.

მისი განცხადებით, ნატო-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის უპრეცედენტო დინამიკაა.

„მარტო წელს, შეიძლება ითქვას, რომ არასდროს ყოფილა ასეთი ინტენსიური ნატო-ს მხრიდან მაღალი სტრატეგიული დონის ვიზიტები საქართველოში, როგორიც გვქონდა; იქნება ეს ნატო-ს გენერალური მდივნის, სამხედრო კომიტეტის თუ უკვე ოქტომბერში დაგეგმილი ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი, რომელიც არის მკაფიო დემონსტრირება იმისა, თუ როგორ უჭერს მხარს ნატო საქართველოს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ პარტნიორს, რომელსაც ყველაზე დიდი წვლილი შეაქვს მსოფლიოში უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში, როგორ უჭერს მხარს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას და როგორ აღიარებს საქართველოს, როგორც წარმატებულ მოდელს სხვა ნატო-ს პარტნიორი ქვეყნებისთვის. ეს არის, ასევე მკაფიო დემონსტრირება იმ მთავარი პრინციპისა, რასაც მეტი ნატო ჰქვია საქართველოში და ჩვენ ჩვენის მხრივ ვიღებთ, რა თქმა უნდა, უფრო მეტ პასუხისმგებლობას, რათა საქართველო უფრო მეტად იყოს ნატო-ში წარმოდგენილი და უფრო მეტად იყოს ნატო-ს სტანდარტებთან თავსებადი. ყველა ეს როგორც პოლიტიკურ დონეზე, ისე პრაქტიკულ დონეზე ჩვენი აქტიურობა ემსახურება, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებას ნატო-სთან ურთიერთობის თვალსაზრისით ისე, რა თქმა უნდა, თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას, იმ მთავარი სტრატეგიული ამოცანის მიღწევისთვის, რასაც საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება და მისი სრულფასოვანი წევრობა ჰქვია“, – განაცხადა ლევან იზორიამ.