ლევან იზორია ნატო-ს (NATO) თავდაცვის მინისტერიალში მონაწილეობს
ლევან იზორია ნატო-ს (NATO) თავდაცვის მინისტერიალში მონაწილეობს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ბრიუსელში იმყოფება, სადაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შტაბბინა ნატო-ს (NATO) წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრებს მასპინძლობს.

ლევან იზორია ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიის ფორმატში ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების დონეზე გამართულ სხდომას დაესწრება.

„როგორც ნატო-ს კრიტიკული პარტნიორი ქვეყანა, დღეს მონაწილეობას მივიღებთ მტკიცე მხარდაჭერის მისიის ფარგლებში კოლეგებთან უსაფრთხოების საკითხის განხილვაში, თუ რა მდგომარეობაა ავღანეთში. კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს მზადყოფნას, გავაგრძელოთ მონაწილეობა მსოფლიოში გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. ასევე პრინციპულად ვუჭერთ მხარს ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის ლიდერობით დაწყებულ პროცესს, რომელიც სამშვიდობო დიალოგს უკავშირდება და ავღანეთში ყველა სუბიექტის ჩართულობით გრძელვადიან პერსპექტივაში მშვიდობის უზრუნველყოფას ემსახურება. ვთვლით, რომ სამხედრო კომპონენტთან ერთად ამ დიალოგს აქვს კრიტიკული მნიშვნელობა, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფისთვის“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

ამასთან, ლევან იზორია დღეს ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგსა და მის მოადგილე როუზ გოტმიულერს შეხვდება. თავდაცვის მინისტრი ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებსა და სამომავლო გეგმებს განიხილავს.

„აქცენტს გავამახვილებთ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით ნატო-ს მეტ ჩართულობაზე. სწორედ ამას ემსახურებოდა ასევე გასულ კვირას იტალიაში, ნატო-ს სარდლობაში ჩემი ვიზიტი, სადაც შევიმუშავეთ კონკრეტული, პრაქტიკული გეგმები, როგორ უნდა მოხდეს ჩვენი თანამშრომლობის უფრო მაღალ ხარისხში აყვანა. მექნება ასევე შესაძლებლობა, უკვე ორმხრივ ფორმატში შევხვდე ჰოლანდიის, რუმინეთისა და შვედეთის თავდაცვის მინისტრებს. განსაკუთრებით რუმინეთის თავდაცვის მინისტრთან სწორედ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხს განვიხილავთ. შვედ კოლეგასთან საუბარი გვექნება ტოტალური თავდაცვის სისტემის ჩამოყალიბების კუთხით მიღწეულ შედეგებზე საქართველოში. ჩვენ ასევე გვაინტერესებს, რა კეთდება შვედეთში ამ მიმართულებით, რომ ერთმანეთს გამოცდილება გავუზიაროთ. ჰოლანდიელ კოლეგასთან კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მადლიერებას იმ წვლილისთვის, რაც ამ ქვეყანამ შეიტანა ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და განსაკუთრებით თავდაცვითი ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის საქმეში, რომლის იუბილესაც ხვალ ვიზეიმებთ საქართველოში და მას ახლო მომავალში ველოდებით საქართველოში“, – განაცხადა ლევან იზორიამ.