საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, სადაც ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის შტაბ-ბინა ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრებს მასპინძლობს. 27 ივნისს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიის ფორმატში ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების დონზე გამართულ სხდომას დაესწრება.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში ლევან იზორია ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგსა და მის მოადგილე როუზ გოტმიულერს შეხვდება და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებსა და სამომავლო გეგმებს განიხილავს.
დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები შვედეთისა და რუმინეთის თავდაცვის მინისტრებთან. თავდაცვის მინისტრი უცხოელ კოლეგებთან ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებისა და გაღრმავების გზებზე იმსჯელებს. საუბარი შეეხება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებსა და ტოტალური თავდაცვის ძირითად ასპექტებს.
ნატო-ს შტაბ-ბინაში თავდაცვის მინისტრების შეხვედრები 26-27 ივნისს გაიმართება. მინისტერიალის მთავარი საკითხი ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მოდერნიზაციაა. განხილვის მთავარი საკითხები იქნება: რუსეთის მიერ საშუალო სიშორის ბირთვული ძალების შესახებ ხელშეკრულების დარღვევა, პროგრესი კოალიციური ხარჯების განაწილებაში, ნატო-ს თავდაცვისა და შეკავების სტრატეგია, ახალი ტექნოლოგიები და ნატო-ს მისია ავღანეთში.