ლევან იზორია - მონტენეგრო საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პრინციპული მხარდამჭერია
ლევან იზორია - მონტენეგრო საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პრინციპული მხარდამჭერია

მონტენეგროში, როგორც ნატო-ს ახალ წევრ ქვეყანაში, ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. კიდევ ერთხელ ხდება ხაზგასმა, რომ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში კვლავ ძალაში რჩება, – ასე შეაფასა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მონტენეგროელ კოლეგასთან პრედრაგ ბოშკოვიჩთან დღეს გამართული პირისპირ შეხვედრა.

ლევან იზორია საქართველოს მხრიდან პირველი თავდაცვის მინისტრია, რომელიც მონტენეგროში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. დედაქალაქ პოდგორიცაში, ვილა გორიცაში დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ თავდაცვის მინისტრები ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ.

ლევან იზორიამ კოლეგას მონტენეგროს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ვიზიტი სამხედრო სფეროში სამომავლო თანამშრომლობის საკითხების განხილვის შესანიშნავი საშუალებაა.

ლევან იზორიამ მონტენეგროელ კოლეგას საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმები, ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის გაწევრიანების პერსპექტივები და ამ მხრივ მიღწეული შედეგები გააცნო.

ნატო-ში ინტეგრაციაზე საუბრისას მან ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ტრანსფორმაციის შედეგად საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი ნატო-ს სტანდარტების შესაბამისი გახდა.

მინისტრებმა პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ნატოსა და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე საუბარი გაფართოებულ ფორმატშიც განაგრძეს.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი მონტენეგროს პრეზიდენტს ფილიპ ვუიანოვიჩსა და საგარეო საქმეთა მინისტრს სრჯან დანმანოვიჩს შეხვდება.