ლევან იზორია - მონტენეგრო, როგორც ნატო-ს ახალი წევრი ქვეყანა, საქართველოს ახალი მეგობარია
ლევან იზორია - მონტენეგრო, როგორც ნატო-ს ახალი წევრი ქვეყანა, საქართველოს ახალი მეგობარია

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ მონტენეგროში ოფიციალური ვიზიტი პრეზიდენტ ფილიპ ვუიანოვიჩთან და საგარეო საქმეთა მინისტრ სრჯან დანმანოვიჩთან შეხვედრებით დაასრულა. მხარეებმა იმ გამოცდილებასა და პროგრესზე გაამახვილეს ყურადღება, რაც მონტენეგრომ ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე განვლო.

შეხვედრებზე ლევან იზორიამ მასპინძელ მხარეს საქართველოს მთავარი საგარეო სტრატეგიული მიზნის – ჩრდილოატლანტიკურ სტრუქტურაში გაწევრიანების კუთხით გადადგმული ნაბიჯები გააცნო და აღნიშნა, რომ ალიანსთან თანამშრომლობის ერთ-ერთი ძირითადი მექანიზმი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (SNGP) გახდა. მისივე თქმით, საქართველო, როგორც ნატო-ს ასპირანტი ქვეყანა, თავდაცვის კუთხით ინტენსიური რეფორმირების პროცესშია, რაც ხუთ სტრატეგიულ მიმართულებას ეფუძნება და ტერიტორიული თავდაცვის, შეკავებისა და მდგრადობის განვითარებას ისახავს მიზნად.

„მონტენეგრო, როგორც ნატო-ს ახალი წევრი ქვეყანა, საქართველოს ახალი მეგობარია, რომელიც ყველანაირად დაეხმარება ჩვენს ქვეყანას ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე“, – ამ სიტყვებით შეაჯამა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი მონტენეგროში.

ლევან იზორია საქართველოს მხრიდან პირველი თავდაცვის მინისტრია, რომელიც მონტენეგროში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის პირველ დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრს მონტენეგროელმა კოლეგამ, პრედრაგ ბოშკოვიჩმა ვილა გორიცაში უმასპინძლა.