ლევან იზორია - მაღალი რანგის დელეგაციების მიღებასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვაზე საჯარო კონკურსი იყო გამოცხადებული
ლევან იზორია - მაღალი რანგის დელეგაციების მიღებასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვაზე საჯარო კონკურსი იყო გამოცხადებული

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლევან ხაბეიშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და დელეგაციების მიღებასთან დაკავშირებულ მომსახურების შესყიდვაზე თავდაცვის უწყებას კონკურსი ჰქონდა გამოცხადებული.

„მართლა არ ვიცი ვინ არის, მაგრამ მატყუარა რომ არის, ფაქტია. სჯობს, სანამ განცხადებებს გააკეთებს, მოგვმართოს. შეგვიძლია, ობიექტური ინფორმაცია მივაწოდოთ. ობიექტური ინფორმაცია კი, მდგომარეობს იმაში, რომ გამოცხადდა კონკურსი, არავითარ გადაუდებელ შესყიდვას ადგილი არ ჰქონია, როგორც ეს ინფორმაცია გაუჟღერებია, არამედ ერთი თვის განმავლობაში საჯარო იყო ეს კონკურსი და ობიექტური შეფასების შედეგად, კერძოდ კი, იმ პრინციპის თანახმად, რასაც ჰქვია ყველაზე ნაკლები ფასი, გამოვლინდა კომპანიები, რომლებიც ეწევიან არა როგორც ამბობენ ე.წ. სარესტორნო მომსახურებას, არამედ ეს მომსახურება დაკავშირებულია მაღალი რანგის დელეგაციების მიღებასთან, მათ შორის, სასტუმრო მომსახურებასთან, მაღალი რანგის სტუმრების თანამონაწილეობით მასშტაბური კონფერენციების ჩატარებასთან, რომელსაც ნოემბერში ვგეგმავთ, დაახლოებით 250-მდე სტუმარს ველოდებით“, – განაცხადა იზორიამ.

თავდაცვის მინისტრის თქმით, ეს არის თანხები, რომელიც უწყებას აღნიშნული მომსახურებისთვის სჭირდება.

„ეს არის თანხები, რაც წლების განმავლობაში ჩვენი ანალიზის შედეგად ამ მომსახურებებისთვის გვჭირდება. რაც შეეხება დაზოგვას, შემიძლია ვთქვა, რომ წელს ჩვენ 244 ათასი ლარი დავზოგეთ სწორედ 8 თვის განმავლობაში ამ მომსახურებებში“, – განაცხადა იზორიამ.

მისი თქმით, კონკურსის შესახებ განცხადებები იყო საჯარო და განთავსდა შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, თავდაცვის სამინისტრომ ტენდერის გარეშე, სუბიექტურად გადაწყვიტა, სარესტორნო მომსახურებისთვის წინასწარ გამოყოს 300 ათასი ლარი.