ლევან იზორია აცხადებს, რომ მისი გადადგომისა და ელჩად დანიშვნის შესახებ ინფორმაცია დიდი ხანია, ცნობილია
ლევან იზორია აცხადებს, რომ მისი გადადგომისა და ელჩად დანიშვნის შესახებ ინფორმაცია დიდი ხანია, ცნობილია

საქართველოს დაზვერვის სამსახურის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი ლევან იზორია აცხადებს, რომ თანამდებობის დატოვებისა და მისი ელჩად დანიშვნის შესახებ დიდი ხანია, ცნობილია.

როგორც ლევან იზორიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ინფორმაცია, თითქოს ის დასაჯეს, გამოგონილია.

„რამდენიმე კვირაა ცნობილია, რომ ჩემი საქმიანობა დღეს შეწყდა საქართველოს დაზვერვის სამსახურში. ორი თვეა, ეს ფაქტი უკვე ჩემთვის ცნობილია და გარკვეულწილად საზოგადოებამაც გაიგო თქვენი მხრიდან, რომ შეიძლება, სავარაუდოდ მე უნდა ვყოფილიყავი გერმანიაში ელჩი. ასე რომ, როგორც ითქვა, თითქოს დასჯის ფორმა განხორციელდა ჩემ მიმართ, არის მოგონილი ისტორია, გამოგონილი იმისთვის, რომ დაემთხვა მათი მიზნები ამ თარიღს“, – აღნიშნა ლევან იზორიამ.

მისი თქმით, შთაბეჭდილება რჩება, რომ მის ძმასთან დაკავშირებული კადრების გამოქვეყნება წინასწარ იყო დადგმული.

„რადგან ასეთი დიდი ინტერესია ამ ფაქტის მიმართ, თავს ვალდებულად ვთვლი, რომ საზოგადოებას ჰქონდეს მეტი ინფორმაცია. ცალსახად აღვნიშნე, რომ ამას აქვს და ჰქონდა შთაბეჭდილება და გუშინ კიდევ უფრო გამიმყარდა, რომ გარკვეული სცენა იყო დადგმული. კერძოდ, ადამიანი, რომელიც ხუთი წელი ინახავდა კადრებს, თურმე მალავდა ამ კადრებს, შემდეგ აჟღერებს ამ კადრებს. თქვენ როგორი შთაბეჭდილება დაგრჩებათ? რომ ემზადებოდა გარკვეული მოვლენისთვის. თუმცა ამ ადამიანსვე პოლიციაში არანაირი შეზღუდვა, არავითარი შევიწროება არ ჰქონდა. ამას მოწმობს მისი დაწინაურების ფაქტი, ამას მოწმობს ის, რომ მას ჰქონდა ყველანაირი პირობა, შეესრულებინა თავისი საქმიანობა. ასე რომ, საუბარი ჩარევაზე, ზეწოლაზე, საუბარი თუნდაც იმაზე, რომ ჩემი მხრიდან შემხებლობას ჰქონდა ადგილი, არის აბსურდი და ზედმეტი“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

საქართველოს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ლევან იზორიამ დაადასტურა, რომ თანამდებობას ტოვებს და განაცხადა, რომ გერმანიაში საქართველოს ელჩად გააგრძელებს მუშაობას.

დატოვე კომენტარი