ლევან იოსელიანი - ვისურვებდი, გვეფიქრა ქვეყნის პერსპექტივაზე, რომელიც გამოიხატება კანდიდატის სტატუსის მიღებაში, ამაზე უნდა იყოს კონცენტრირებული „ნაციონალური მოძრაობა“ და არა პირად, პარტიულ ინტერესებზე
ლევან იოსელიანი - ვისურვებდი, გვეფიქრა ქვეყნის პერსპექტივაზე, რომელიც გამოიხატება კანდიდატის სტატუსის მიღებაში, ამაზე უნდა იყოს კონცენტრირებული „ნაციონალური მოძრაობა“ და არა პირად, პარტიულ ინტერესებზე

პარტია „მოქალაქეების“ წევრის ლევან იოსელიანის განცხადებით, ისურვებდა, ვიწროპარტიული ინტერესები დღეს დროებით მაინც გვერდზე ყოფილიყო გადადებული და ქვეყნის პერსპექტივაზე ეფიქრათ.

იოსელიანის თქმით, ეს პერსპექტივა გამოიხატება ქვეყნის მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაში.

„ამაზე უნდა იყოს კონცენტრირებული „ნაციონალური მოძრაობა“ და არა თავის პირად, პარტიულ ინტერესებზე, რასაც ის სულ აკეთებს. მგონი, ახლა ამის დრო არ არის, უადგილოა ეს ქმედებები. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა, ვუთხრა ყველას, ჩემს კოლეგებს ოპოზიციიდან, მივმართო ხელისუფლებას, რომ ცოტახანი დაივიწყეთ თქვენი ეს რაღაცა ეგო, რომელიც არ გაძლევთ საშუალებას, გამოხვიდეთ საკუთარი პარტიული ჭუჭრუტანიდან და კონცენტრირდეთ ქვეყნის ინტერესზე. ქვეყნის ინტერესი არის დასავლური დემოკრატიული დღის წესრიგი. სულ რამდენიმე კვირაში გაირკვევა, მივიღებთ თუ არა ამ დღის წესრიგს, ვგულისხმობ კანდიდატის სტატუსს“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა „ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადების შეფასებისას.

ცნობისთვის, „ევროპის სახალხო პარტიამ“ (EPP), „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შეთავაზებით, საქართველოს შესახებ განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო წლებში „ევროპის სახალხო პარტია“ დიდი შეშფოთებით ადევნებს თვალს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის ტენდენციას.