ლევან იოსელიანი - ვიდრე მოლაპარაკებების მძიმე პროცესი მიდის, ოპოზიციაზე თავდასხმებისგან თავი შევიკავოთ, ალეკო ელისაშვილზე შეიძლება, როგორც აღმოჩნდა, მასზე ხსნილია
ახლა არ არის საუკეთესო დრო, ოპოზიცია ვაკრიტიკოთ, რომელიც მოლაპარაკებების მეორე მხარესაა და გამოსავალს ეძებს, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ლევან იოსელიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
თავდაპირველად, იოსელიანმა მიმართა პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტის ხელმძღვანელ თეა წულუკიანს, რომელმაც ოპოზიციონერი ალეკო ელისაშვილი გააკრიტიკა:
„ძალიან სამწუხაროა, ქალბატონო თეა, რომ ახლა, ამ სიტუაციაში ჩათვალეთ, რომ საუკეთესო დროა ალეკოზე თავდასასხმელად. ის თვითონ გაგცემთ ალბათ პასუხს, მას ჩემი ადვოკატობა არ სჭირდება. მე მინდა, გამოვეხმაურო აქ ბატონი ხელაშვილის გამოსვლას, რომელიც ვფიქრობ, რბილად ვიტყვი, ძალიან არ უწყობს ხელს დღეს მიმდინარე მოვლენებს და მოლაპარაკებებს, რაც მიმდინარეობს ბატონი დანიელსონის მონაწილეობით. ახლა არ არის საუკეთესო დრო, რომ ოპოზიცია ვაკრიტიკოთ, რომელიც ზის მოლაპარაკებების მეორე მხარეს და ცდილობს მონახოს გამოსავალი, რომ საბოლოოდ ყველაფერი მივიდეს შეთანხმებამდე.
მე ვარ ამ მოლაპარაკებების მონაწილე და ვიცი თითოეულ სიტყვას რამხელა მნიშვნელობა აქვს, რამხელა მნიშვნელობა აქვს მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც სხედან მაგიდის მეორე მხარეს, ამიტომ ყველას მოგიწოდებთ, ახლა მაინც თავი შევიკავოთ ზედმეტი კრიტიკისგან, დაველოდოთ მოლაპარაკების დასრულებას, როგორ დასრულდება. იმედი მაქვს, რომ დასრულდება წარმატებით და ეს ადამიანები როდესაც შემოვლენ პარლამენტში, მერე ყველას გექნებათ საშუალება, თქვენი აზრი უთხრათ მათ და გამოხატოთ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
იოსელიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ასევე ისაუბრა საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებითაც.
„რაც შეეხება კიდევ ერთ საკითხს, ეს არის საარჩევნო რეფორმა – ამაზეც მინდა ორი სიტყვა მოგახსენოთ. ნამდვილად მეამაყება, რომ ერთ-ერთი ინიციატორი და ავტორი ვარ იმ დოკუმენტის, რომლის ინიცირებაც მოხდა პარლამენტში. მიმაჩნია, რომ ის საარჩევნო რეფორმა, რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ, რის გამოც შემოვედით პარლამენტში, არის საშვილიშვილო, საშვილიშვილოდ გამოასწორებს ბევრ პრობლემას, რომელიც ამ ქვეყანაში იყო დაგროვილი.
მიმაჩნია, რომ ამ რეფორმის შემდეგ არჩევნები იქნება ბევრად უფრო გამჭირვალე და ჩვენი მოქალაქეებისთვის არჩევნების შემდგომი დღე აღარ იქნება ერთმანეთთან დაპირისპირების საფუძველი. აქ ჰეითერობაზე იყო საუბარი და ვიზიარებ სრულიად ამ პათოსს, რადგანაც სწორედ ამ სიძულვილის ენამ მიგვიყვანა იქამდე, რომ დღეს ევროკავშირის ჩართულობითაც კი, აშშ-ის ჩართულობითაც კი გვიჭირს ქართველებს ერთმანეთთან საუბარი და საერთო ენის გამონახვა. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, თავი შევიკავოთ, ვიდრე ასეთი მძიმე მოლაპარაკებების პროცესი მიდის, ზედმეტი თავდასხმებისგან ოპოზიციაზე. აი, მარტო ალეკოზე შეიძლება, როგორც აღმოჩნდა, რადგანაც ის აქ არის და მასზე, ასე ვთქვათ, ხსნილია“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.