ლევან იოსელიანი - უზენაესი სასამართლო ნდობით აღჭურვილი ინსტიტუცია ვერ გახდება, ამას სჭირდება საფუძვლიანი, სწორი რეფორმის ჩატარება
ლევან იოსელიანი - უზენაესი სასამართლო ნდობით აღჭურვილი ინსტიტუცია ვერ გახდება, ამას სჭირდება საფუძვლიანი, სწორი რეფორმის ჩატარება

უზენაესი სასამართლო ნდობით აღჭურვილი ინსტიტუცია ვერ გახდება, ამას სჭირდება საფუძვლიანი, სწორი რეფორმის ჩატარება და დღემდე ვერცერთი ნაბიჯი ვერ გადაიდგა, რადგან ამის პოლიტიკური ნება არ აქვთ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, მოსამართლეობის კანდიდატებისგან დეპუტატებმა ვერ მოისმინეს განცხადება, რომ წინა ხელისუფლების დროს რაიმე პრობლემას ხედავდნენ.

„მოსამართლეობის კანდიდატებისგან ვერ დავინახეთ განცხადება, რომ წინა ხელისუფლების დროს რაიმე პრობლემას ხედავდნენ უსამართლობაზე. მათ პროფესიონალიზმში ვერ დავრწმუნდი, ასევე ვერც კეთილსინდისიერებაში და მათ მიერ შეცდომის აღიარებაც ვერ ვნახე. მაგალითად, გია გვიჩიანის საქმეზე მოსამართლე სანოძემ პატიმარს 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, რომელიც გამართლდა. ეს არის ძალიან ტრაგიკული ამბავი, რადგან ეს არ იყო 11 დღე და 11 თვე. ადამიანი პატიმრობაში 11 წელი უსამართლოდ იყო და ეს მოსამართლე დღეს უვადოდ განაწესეს. მეორე მოსამართლე 28 წლამდე იყო სოფლის მეურნეობაში დასაქმებული, ამის შემდეგ დარაჯად მუშაობდა, შემდეგ კურიერად, ამ საქმეებში ცუდი არაფერია, მაგრამ 28 წლამდე სოფლის მეურნეობით რომ ხარ დაკავებული და უცებ კარიერას იკეთებ, ეს კითხვებს ბადებს და ასეთი კანდიდატურები მინიმუმ პარლამენტში არ უნდა იყვნენ წარდგენილნი“, – განაცხადა იოსელიანმა.

დატოვე კომენტარი