ლევან იოსელიანი - უნდობლობის პროცედურას შედეგი არ მოჰყვება, „ქართულ ოცნებას“ კიდევ ერთხელ მივცემთ საფუძველს, ოპოზიცია აბუჩად აიგდოს და თქვას, დათვი ჯერ არ მოუკლავთ, უკვე ტყავს იყოფენო
ლევან იოსელიანი - უნდობლობის პროცედურას შედეგი არ მოჰყვება, „ქართულ ოცნებას“ კიდევ ერთხელ მივცემთ საფუძველს, ოპოზიცია აბუჩად აიგდოს და თქვას, დათვი ჯერ არ მოუკლავთ, უკვე ტყავს იყოფენო

უნდობლობის პროცედურის დაწყებას მაშინ აქვს აზრი, როცა იცი, რომ რაღაც შედეგამდე მიხვალ. წინასწარ ვიცით, უნდობლობის პროცედურა რომ დავიწყოთ, არანაირი შედეგი არ მოჰყვება, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიამა მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებაზე ოპოზიციის წარმომადგენლების ინიციატივის შეფასებისას განაცხადა.

„უნდობლობის პროცედურის დაწყებას მაშინ აქვს აზრი, როცა იცი, რომ რაღაც შედეგამდე მიხვალ. წინასწარ ვიცით, უნდობლობის პროცედურა რომ დავიწყოთ, ამას არანაირი შედეგი არ მოჰყვება. სამაგიეროდ, იქნება მთელი რიგი პროცესი, როცა ოპოზიცია უნდა დავსხდეთ და დავიწყოთ მინისტრების პორტფელების განაწილება, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე კონსულტაციები, რაც იქნება ძალიან სასაცილო და დაემსგავსება „სახლობანას“. პირადად მე, „სახლობანაში“ მონაწილეობას არ მივიღებ“, – აღნიშნა იოსელიანმა.

იოსელიანი ამბობს, რომ უნდობლობის პროცედურის დაწყებას შესაძლოა, ხმა მისცეს, თუმცა მინისტრთა კაბინეტის პორტფელების განაწილებაზე კონსულტაციებში მონაწილეობას გამორიცხავს.

„თუ ოპოზიცია მოახლოებულ არჩევნებზე მერობის საერთო კანდიდატზე ვერ ვთანხმდებით, როგორ ფიქრობთ, არარსებული მინისტრთა კაბინეტის პორტფელების განაწილებაზე შეძლებენ შეთანხმებას? გინდ შეძლოს, ამის შედეგი რა იქნება? „ქართულ ოცნებას“ კიდევ ერთხელ მივცემთ საფუძველს, ოპოზიცია აბუჩად აიგდოს და თქვას, „დათვი ჯერ არ მოუკლავთ და უკვე ტყავს იყოფენო“. ეს წარუმატებელი პროცესი იქნება. პროცედურის დაწყებაზე თუნდაც მივცე თანხმობა, და არ ვიცი, შეიძლება, მივცე თანხმობა, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში, ამ კონსულტაციებში მონაწილეობას არ მივიღებ და არ ჩავერთვები“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.