ლევან იოსელიანი - უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის განცხადება არის მძიმე ბრალდება, ხელისუფლებამ პასუხი უნდა გასცეს, რა ხდება, რადგან ეს არ არის შემთხვევითი ამბავი
ლევან იოსელიანი - უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის განცხადება არის მძიმე ბრალდება, ხელისუფლებამ პასუხი უნდა გასცეს, რა ხდება, რადგან ეს არ არის შემთხვევითი ამბავი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის განცხადება არის მძიმე ბრალდება, რომელიც საერთაშორისო თვალსაზრისით ქვეყანას პრობლემას უქმნის, ხელისუფლებამ პასუხი უნდა გასცეს, რა ხდება, რადგან ეს არ არის შემთხვევითი ამბავი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

იოსელიანმა კომენტარი გააკეთა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, „საერთაშორისო სანქციების დაწესების გამო, რუსეთის ფედერაცია მოკლებულია სამხედრო, ორმაგი დანიშნულებისა და სამოქალაქო საქონლის მიწოდების შესაძლებლობას. სანქციების გვერდის ავლის მიზნით, რუსი აგენტები აყალიბებენ კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის კერძოდ საქართველოს ტერიტორიაზე. ამასთან, ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა მიიღეს მითითებები პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, არ ჩარეულიყვნენ კონტრაბანდისტების საქმიანობაში“.

ლევან იოსელიანის თქმით, „თუ მართლა რაღაც ხდება, ძალიან მძიმე იქნება ხელისუფლებისთვის“.

„ამ საკითხზე ხელაღებით საუბარს მოვერიდებოდი, რადგან ეს პირველ რიგში სახელმწიფო ინტერესებს აზიანებს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლებამ პასუხი გასცეს, წამოყენებული პრეტენზია რამდენად შეესაბამება სინამდვილეს, რადგან ეს არ არის უბრალო ბრალდება. საუბარია იმაზე, რაზეც ბრიუსელში ვიზიტის დროს ევროპელ კოლეგებს ვუმტკიცებდი, რომ საქართველო არანაირი სანქციების გვერდით ავლაში არ მონაწილეობს და საქართველო არ არის რუსეთის უკანა ეზო. მართლა რაღაც თუ ხდება, ძალიან მძიმე იქნება ხელისუფლებისთვის. რუსეთში წიწიბურის შეტანაც რომ იყოს, ესეც კი პრობლემაა, რადგან ჩვენ გაცხადებულად ვამბობთ, რომ შეუძლებელია, წიწიბურით გამოკვებო რუსეთის არმია, რომელიც ბუჩაში ასობით ადამიანს კლავს. იარაღის შეტანა საერთოდ წარმოუდგენელია, როგორ უნდა მოხდეს და ვის მიერ? ეს არის მძიმე ბრალდება, ამ ქვეყნის მიმართ წაყენებული ბრალდება, რომელიც საერთაშორისო თვალსაზრისით ქვეყანას პრობლემას უქმნის. ხელისუფლებამ ცხადი პასუხი უნდა გასცეს, რა ხდება, რადგან ეს არ არის შემთხვევითი ამბავი“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.