ლევან იოსელიანი – უკრაინაში საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი თუ შალვა პაპუაშვილი იქნება, მთლად უკეთესი, ეს იქნება ურთიერთობებში შემობრუნების წერტილი
ხვალ გადაწყდება და თუ თვითონ შალვა პაპუაშვილი იქნება დელეგაციის ხელმძღვანელი, მთლად უკეთესი. ეს იქნება ურთიერთობებში შემობრუნების წერტილი და რა თქმა უნდა, ეს თავის შედეგს აუცილებლად გამოიღებს, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.
„თავიდან, სიმართლე გითხრათ ჩემთვისაც ცოტა გაუგებარი იყო „ქართული ოცნების“ მხრიდან ამ ვიზიტზე უარის თქმა და თითქოს, გაჯიუტებაც. ამას უძღოდა მთელი რიგი მოლაპარაკებები. შემდეგ ჩვენ, ოპოზიციამ გადავწყვიტეთ და მერე მათთან გავმართეთ კონსულტაციები, მაგრამ საბოლოო ჯამში, მივედით ამ შედეგამდე, როცა გადაწყდა, რომ ერთობლივი ვიზიტი იქნება. ეს არის ქართველი ხალხის განცდა და დავალებაც, იმიტომ, რომ ჩვენი საზოგადოების თითქმის 100% მხარს უჭერს უკრაინას, პარლამენტი კი ხალხის ნების გამხმოვანებელია და პარლამენტმა ეს განწყობები უნდა წაიღოს იქ, სადაც მიდის“, – განაცხადა იოსელიანმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა გარემოებებმა მიიყვანა აქამდე საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებებს შორის ურთიერთობები, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ ამ ყველაფერს თავისი მიზეზები აქვს.
„როცა კონფლიქტი ხდება, ამ კონფლიქტში ბოლომდე არც ერთი არ არის ასე ვთქვათ, მართალი; ორივე მხარეს არის გარკვეული სიმართლეც და გარკვეულწილად სიმართლის ნაკლებობაც. მგონი, ამ შემთხვევაშიც ასეა. იმიტომ, რომ ერთი მხრივ, ლოგიკურად რომ დაუკვირდე, წარმოიდგინეთ, ხელისუფლებაში რომ ხარ და ამ პირობებში, ადამიანები, რომლებიც შენ მიერ არიან გასამართლებული, სხვა ქვეყანაში მაღალ თანამდებობებზე ინიშნებიან. რა თქმა უნდა, ეს ქვეყნებს შორის გარკვეულ დისკომფორტსა და გაუგებრობას ქმნის. მეორე მხრივ, ვხედავთ სიტუაციას, რომ დღეს უკრაინა არის ომში და ასეთ პირობებში იმ განცხადებების გაკეთება, რაც მთელი ეს პერიოდი პოლიტიკოსებისგან გვესმოდა, უმაღლეს დონეზე, აბსოლუტურად არ იყო თანხვედრაში უკრაინის მიმართ ჩვენი მოქალაქეების განწყობებთან“, – განაცხადა იოსელიანმა.
მისი თქმით, ამ ყველაფრიდან არსებობს სწორი გამოსავალი, რომელიც ყველაზე მეტად მორალურია.
„ეს გამოსავალი არის ის, რომ უკრაინაში ომია, ადამიანები იღუპებიან, უკრაინას თავს ესხმის ჩვენი საერთო მტერი და ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ უნდა ვიყოთ მის გვერდით; ჩვენ უნდა ჩავიდეთ, გამოვხატოთ მხარდაჭერა და ვუთხრათ სამძიმარი. ამის შემდეგ, როდესაც ომი დასრულდება და ეს ურთიერთობები გარკვეულ კალაპოტში ჩადგება, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ დონეზე შეუძლიათ, ერთმანეთში გაარკვიონ, ვის რა ეწყინა, ვის რა არ უნდა ეთქვა, თუ როგორ უნდა ეთქვა, მაგრამ დღეს ამის დრო არ არის“, – განაცხადა იოსელიანმა.
გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, რა საფუძველი ჰქონდა და რამდენად ლეგიტიმური თუ ლოგიკური იყო საქართველოდან ელჩის გაწვევა, მაშინ, როდესაც უკრაინას ელჩი არ გაუწვევია მოლდოვადან, რომელსაც რუსეთისთვის სანქციები ასევე არ აქვს დაწესებული, ელჩის გაწვევა არ მომხდარა მათ შორის არც ბელარუსიდან, რომლის ტერიტორიაც უკრაინის წინააღმდეგ აგრესიისთვის არის გამოყენებული და რამდენად შეიძლება ამ ყველაფერს ამართლებდეს ის, რომ უკრაინაში ომი მიდის, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ ელჩის გაწვევა ლეგიტიმურია, მაგრამ ლოგიკური არ არის.
„ლეგიტიმურია, რადგან უკრაინას აქვს უფლება, ელჩი გაიწვიოს, მაგრამ ლოგიკური ნამდვილად არ არის, თუმცა მოდით ამ ყველაფერს მათი პერსპექტივიდან შევხედოთ. ქვეყანა ყოველ წუთს იბომბება, მუდამ ჩართულია ეს „სირენა“ და გადაწყვეტილებების მიღება მათ სულ სხვა გარემოში, უდიდესი სტრესის ქვეშ უწევთ. მშვიდობა თუ იქნებოდა, არ ვარ დარწმუნებული, რომ ისინი ამ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ. იმაში არ გეკამათებით, რომ როდესაც ელჩი ბელარუსიდან არ არის გაწვეული და საქართველოდან გაწვეულია, აქ არის რაღაც ალოგიკურობა. თქვენი ლოგიკა მესმის, განა არ მესმის, მაგრამ თუ ჩვენ ასეთი მშრალი ლოგიკური მაგალითებით ვივლით, ეს უსათუოდ მიგვიყვანს უკრაინასთან ურთიერთობების გაფუჭებამდე და ამიტომ არ ვარ მომხრე, დღეს ამაზე ვილაპარაკოთ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
როგორც ლევან იოსელიანმა აღნიშნა, შეცდომები ორივე მხრიდან არის.
„საქართველოს ხელისუფლების მხრიდანაც ბევრი ისეთი რამ ითქვა და ისეთი ნაბიჯი გადაიდგა, მაგალითად, პრემიერ-მინისტრის განცხადება, აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის განცხადება, რაც უკრაინის ხელისუფლებისთვის მოულოდნელი და გაუგებარი იყო. მეგობრისგან უფრო გწყინს ყველაფერი“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.