ლევან იოსელიანი – „სტრატეგია აღმაშენებლის“, „ლელოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ნაბიჯები ნაკლებად მაინტერესებს, ისინი აზიანებენ საერთო მიზანს, რასაც 12 რეკომენდაციის შესრულება ჰქვია
პარალელური პროცესი არათუ ეწინააღმდეგება 12-პუნქტიანი შეთანხმების იდეას, არამედ ევროპელი მეგობრების პირდაპირ მოთხოვნას, რომ სამუშაო პროცესში ყველა ჩაერთოს, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, პარალელური პროცესი არის დამაბნეველი და გათვლილი კონკრეტული პარტიების დღის წესრიგზე, რაც საბოლოო ჯამში ვერ იქნება თანხვედრაში ქვეყნის ინტერესებთან, რადგან პარტიული ინტერესია.
„ვფიქრობ, რომ ყველამ უარი უნდა თქვას პარტიულ სეპარატიზმზე და იმ სამუშაო ჯგუფებში უნდა დაიწყოს მუშაობა, რომელიც არც „ქართული ოცნების“ არის, არც ოპოზიციის, პარლამენტშია შექმნილი და რომლის შექმნაზეც რეკომენდაცია ევროკომისიამ გასცა. გიორგი ვაშაძის მოტივაციაზე საუბარი გამიჭირდება, რადგან მისი ბევრი ნაბიჯი არ მესმის. „სტრატეგია აღმაშენებლის“, „ლელო“-სა და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ნაბიჯები ნაკლებად მაინტერესებს, ეს პარტიები თავიანთი ნაბიჯებით აზიანებენ იმ საერთო მიზანს, რასაც 12 რეკომენდაციის შესრულება ჰქვია“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.
„ქართული ოცნების“ სამუშაო ჯგუფებს გამიჯნულმა ოპოზიციის ნაწილმა ალტერნატიული პროცესი დღეიდან დაიწყო. პარალელური სამუშაო ჯგუფის შეხვედრა საარჩევნო საკითხებზე უკვე გაიმართა, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოოდ დამტკიცების საკითხზე და საარჩევნო კოდექსში სამომავლოდ შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს. ამ წუთებში მიმდინარეობს ოპოზიციის მეორე სამუშაო ჯგუფის სხდომა, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად მართლმსაჯულების რეფორმას განიხილავენ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები, მათი გაცხადებული პოზიციის მიუხედავად, დღეს ოპოზიციის სამუშაო ჯგუფების შეხვედრებზე არ მისულან.