ლევან იოსელიანი – სამწუხაროდ, ერთმანეთისგან ვერ ვარჩევთ დიდ ამბავს, ამოცანებს და ვიწროპარტიულ ინტერესებს
სამწუხაროდ, ერთმანეთისგან ვერ ვარჩევთ დიდ ამბებს, ამოცანებს და ვიწროპარტიულ ინტერესებს, – ასე შეაფასა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა ის ფაქტი, რომ ღონისძიებას, რომელიც ორბელიანების სასახლეში დამოუკიდებლობის 30-ე წლისთავთან დაკავშირებით მიმდინარეობდა, ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები არ ესწრებოდნენ.
როგორც იოსელიანმა აღნიშნა, ღონისძიება ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე პოლიტიკური პარტიების პრეზიდენტისადმი დამოკიდებულება.
„ჩემი აზრით, დღესაც ამის გამომჟღავნებაა. როდესაც დამოუკიდებლობის 30-ე წლისთავის აღნიშვნის ღონისძიებაა, სადაც არიან დიპლომატები, ეს არის ბევრად მნიშვნელოვანი დღე, ვიდრე პოლიტიკური პარტიების შიდა დამოკიდებულება და მათი პრეზიდენტისადმი დამოკიდებულება“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში დამოუკიდებლობის აღდგენის 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილი მიღება გამართა, რომელსაც პოლიტიკოსები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.