ლევან იოსელიანი - სამწუხაროა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არ გაითვალისწინა შეთანხმების ის ნაწილი, სადაც ეწერა, რომ უნდა დავიწყოთ ფუნდამენტური რეფორმა სასამართლოს მიმართულებით
ლევან იოსელიანი - სამწუხაროა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არ გაითვალისწინა შეთანხმების ის ნაწილი, სადაც ეწერა, რომ უნდა დავიწყოთ ფუნდამენტური რეფორმა სასამართლოს მიმართულებით

ძალიან სამწუხაროა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არ გაითვალისწინა შეთანხმების ის ნაწილი, სადაც ეწერა, რომ უნდა დავიწყოთ ფუნდამენტური რეფორმა სასამართლოს მიმართულებით, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ფაქტია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი ძალიან მკაცრი ტონით ელაპარაკება „ქართულ ოცნებას“, განსაკუთრებით სასამართლოსთან მიმართებით.

„ამ მიმართულებით პრაქტიკულად ნაბიჯი არ გადაგვიდგამს და ისე მოხდა ექვსი მოსამართლის გამწესება უზენაეს სასმართლოში. ვესწრებოდი ამ მოსმენებს და ყველაფერი გავაკეთე, რათა, ეს ადამიანები ვერ მოხვედრილიყვნენ უზენაეს სასამართლოში. მეორე მხრივ, კი დამენახვებინა საზოგადოებისთვის, ვის გამწესებას ცდილობდა „ქართული ოცნება“. მაშინვე ვაფრთხილებდით, რომ ამას მოჰყვებოდა შესაბამისი რეაგირება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან და ზუსტად ასეც მოხდა. ეს რაში შეიძლება გადაიზარდოს, ვერ გეტყვით, სანქციები იქნება თუ რა, მაგრამ ფაქტია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი ძალიან მკაცრი ტონით ელაპარაკება უკვე „ქართულ ოცნებას“, განსაკუთრებით სასამართლოსთან მიმართებით.

ფაქტია, რომ ასეთი განცხდება უხერხულობას ქმნის, როდესაც სტრატეგიული პარტნიორია და როდესაც შეთანხმება არსებობს, ასეთი განცხადება უხერხულობას ქმნის. ამას რა კონკრეტული შედეგი შეიძლება მოჰყვეს, ამაზე პასუხს ვერ გაქცემთ. ერთადერთი ევროკავშირის ნაწილში საუბარია, რომ შეიძლება ეს ფინანსურ ტრანშზე აისახოს, რომელიც საქართველომ უნდა მიიღოს, რაც ნამდვილად არ მახარებს, განსხვავებით ბევრი სხვა პარტიისგან, რადგან ამით პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეები დაზარალდებიან და დაზარალდება ჩვენი ქვეყანა.

ამ მოსამართლეების უკან გამოწვევის, გამოხმობის ან რაღაც სხვა ტიპის მექანიზმი კანონმდებლობით არ არსებობს. მაგრამ უზენაეს სასამართლოში დარჩენილია კიდევ ვაკანტური ადგილები, სადაც შესაძლებლობა გვაქვს, გავამწესოთ და მოვიძიოთ მართლა ნორმალური რეპუტაციის მქონე იურისტები და საშუალება მივცეთ, ეს ვაკანტური თანამდებობები დაიკავონ. გარდა ამისა, რეალურად რეფორმა ჩავატაროთ იუსტიციის საბჭოში, სადაც კანდიდატების არჩევა ხდება. თუ ეს ბარიერი ვერავინ ვერ გადალახა და პარლამენტში მხოლოდ სასამართლო სისტემიდან მოაღწიეს მოსამართლეებმა, ეს არ იქნება შეთანხმების შესრულება. სამწუხაროდ, მოქმედი მოსამართლეების გარდა, ვერავინ ვერ შეძლო ამ ბარიერის გადალახვა, რაც ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს და აჩვენებს, რომ ეს სისტემა არ იძლევა თვითონ შესაძლებლობას, რომ სხვა ადამიანებმა შემოაღწიონ და ჩვენამდე, პარლამენტამდე მოვიდნენ“, – განაცხადა ლევან ოსელიანმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შეასრულოს 19 აპრილის შეთანხმება, მათ შორის უზენაეს სასამართლოში დანიშვნების შეჩერება გამჭვირვალე მართლმსაჯულების რეფორმის ჩატარებამდე.