ლევან იოსელიანი - სამი ოპოზიციური პარტიის გადაწყვეტილება, რომ სახალხო დამცველის შერჩევის პროცესში არ მონაწილეობენ, აზიანებს პროცესს, რაც 12 რეკომენდაციის შესრულებას გულისხმობს
ლევან იოსელიანი - სამი ოპოზიციური პარტიის გადაწყვეტილება, რომ სახალხო დამცველის შერჩევის პროცესში არ მონაწილეობენ, აზიანებს პროცესს, რაც 12 რეკომენდაციის შესრულებას გულისხმობს

პარტია „მოქალაქეების“ წევრის, პარლამენტის ვიცე-სპიკერ ლევან იოსელიანის განცხადებით, სახალხო დამცველი შერჩეული უნდა იყოს სწორედ იმ წესით, რაც ასახულია 12-პუნქტიან გეგმაში.

იოსელიანის თქმით, აღნიშნული პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური და უზრუნველყოს მესამე სექტორის, ასევე პოლიტიკური პარტიების ჩართულობა.

„სახალხო დამცველის კანდიდატურაზე შეთანხმება უნდა მოხდეს, რადგან თუ ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულება გვინდა, შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ. ჩემთვის მნიშვნელოვანია არასამთავრობო ორგანიზაციების აზრი, ისინი ვის დაუჭერენ მხარს, თუმცა ამავე დროს მივიჩნევ, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა შეიძლება, თავის თავზე აიღონ პასუხისმგებლობა, რომ საკუთარი კანდიდატურები წარადგინონ. ეს პარტიების მიერ მისაღები გადაწყვეტილებაა, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციებიც მნიშვნელოვანია. თუ ეს პროცესი გამჭვირვალე არ იქნება, ინკლუზიურად არ ჩაითვლება“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

რაც შეეხება სამი ოპოზიციური პარტიის გადაწყვეტილებას, რომ ამ პროცესში არ მონაწილეობენ, იოსელიანის განმარტებით, ამით ისინი აზიანებენ პროცესს, რაც 12 რეკომენდაციის შესრულებას გულისხმობს.

„ისინი „ქართულ ოცნებას“ აძლევენ არგუმენტს, რომ თუ ეს პროცესი წარუმატებლად დასრულდება, ეს ყველაფერი ოპოზიციას დაბრალდება. ჩემთვის გაუგებარია, ამას რატომ აკეთებენ. მინდა, სახალხო დამცველი ერთად ავირჩიოთ. ჩემს პარტიას კანდიდატი არ ჰყავს და სახალხო დამცველის წარდგენის ინტერესი არ გვაქვს. ათი, თუ ერთი ნომინირებული კანდიდატი იქნება, კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ. „ქართული ოცნების“ კანდიდატს მხარდაჭერა ვერ ექნება. არასამთავრობო სექტორის კანდიდატი ჩვენც უნდა მოგვწონდეს და მხარს უნდა ვუჭერდეთ. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ამ ადამიანის საქმიანობაზე. თუ მას მხარი უნდა დავუჭირო, პასუხისმგებლობას ვიღებ. ვინმეს მარტივად მხარდაჭერას არ ვაპირებ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

სახალხო დამცველის შერჩევის წესთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ მონაწილეობით გამართულ შეხვედრას „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ არ ესწრებოდნენ.