ლევან იოსელიანი - სალომე ზურაბიშვილის კონტაქტები, დიდი გამოცდილება და რესურსი დღევანდელ კრიზისში აუცილებლად გამოსაყენებელია
ლევან იოსელიანი - სალომე ზურაბიშვილის კონტაქტები, დიდი გამოცდილება და რესურსი დღევანდელ კრიზისში აუცილებლად გამოსაყენებელია

საქართველოს პრეზიდენტის აქცენტები იყო დროული და აუცილებელი, მან ობიექტურად შეაფასა ყველას როლი დღევანდელ კრიზისში და თქვა ყველაზე მთავარი, რომ ახლა არ არის დრო, ერთმანეთთან კინკლაობით ვიყოთ დაკავებული, – ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

როგორც იოსელიანმა აღნიშნა, დასავლურ სამყაროს ოპოზიციამაც და ხელისუფლებამაც ერთიანობა უნდა აჩვენონ.

„პრეზიდენტს ძალიან საინტერესო გამოსვლა ჰქონდა. მისი აქცენტები დროული და აუცილებელი იყო როგორც მმართველი პარტიის და ხელისუფლების მიმართ, ისე ოპოზიციის მისამართით. რაც მთავარია, ეს გამოსვლა ობიექტური იყო. მან ობიექტურად შეაფასა ყველას როლი დღევანდელ კრიზისში და თქვა ყველაზე მთავარი, რომ ახლა არ არის დრო, ერთმანეთთან კინკლაობით ვიყოთ დაკავებული. ახლა არის დრო, რომ მთელ დასავლურ სამყაროს, ევროპას, ევროკავშირს, სადაც ჩვენ მივისწრაფვით ვაჩვენოთ, რომ ოპოზიციაც და ხელისუფლებაც, ამ შემთხვევაში ერთნი ვართ. ყველა ჩვენგანის არჩევანია, რომ დავიცვათ უკრაინა და ვიყოთ დასავლური ოჯახის წევრი“,- განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ამასთან, ლევან იოსელიანი გამოეხმაურა პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებას ევროპაში ვიზიტების შეზღუდვასთან დაკავშირებით. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილს აქვს დიდი გამოცდილება, მნიშვნელოვანი კონტაქტები და მისი რესურსი დღევანდელ კრიზისში ქვეყანამ აუცილებლად უნდა გამოიყენოს.

„რადგან პრეზიდენტმა თქვა, რომ მას არ მიეცა საშუალება, ვიზიტებში წასულიყო და თავის კონტაქტები გამოეყენებინა, ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ სალომე ზურაბიშვილს აქვს ძალიან დიდი გამოცდილება და ძალიან მნიშვნელოვანი კონტაქტები, მისი რესურსი დღევანდელ კრიზისში ქვეყნის მიერ აუცილებლად გამოსაყენებელია. თუ ვინმეს ამ ქვეყანაში აქვს რესურსი, რომ საქართველოს გზავნილი მიიტანოს იქ, სადაც იხსნება საქართველოსთვის თანამედროვე და ცივილიზებული სამყაროს კარი, ეს ყველამ უნდა გააკეთოს. რა თქმა უნდა, საქართველოს პრეზიდენტს აქვს ამის რესურსი და მას ხელი კი არ უნდა შეუშალო, ყველანაირად ხელი უნდა შეუწყო, რომ ამ ფონზე თავისი შესაძლებლობები მაქსიმალურად დახარჯოს“,- აღნიშნა იოსელიანმა.