ლევან იოსელიანი - სახელმწიფომ უნდა გამოიძიოს ჩანაწერების ავთენტურობა, თუ უკანონოა, უმკაცრესი რეაგირება უნდა იყოს
ლევან იოსელიანი - სახელმწიფომ უნდა გამოიძიოს ჩანაწერების ავთენტურობა, თუ უკანონოა, უმკაცრესი რეაგირება უნდა იყოს

პარლამენტის ვიცე-სპიკერ ლევან იოსელიანის განცხადებით, უკვე ტრადიციად იქცა, რომ არჩევნების წინ ჩანაწერები ვრცელდება.

მისივე თქმით, ჩანაწერები წინასაარჩევნოდ სიტუაციის დაძაბვას, ვითარების შეცვლას ან ვიღაცის დისკრედიტაციას ეხება.

უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერების შემთხვევაში, სახელმწიფოს მხრიდან უმკაცრესი რეაგირება უნდა იყოს.

„ჩვენს ქვეყანაში უკვე ტრადიციად იქცა, რომ არჩევნების წინ რაღაცნაირი ჩანაწერები ვრცელდება. არ ვიცი, უკანონოა თუ კანონიერი გზით მოპოვებული, მაგრამ ეს ჩანაწერები ყოველთვის წინასაარჩევნოდ სიტუაციის დაძაბვას, ვითარების შეცვლას ან ვიღაცის დისკრედიტაციას ეხება, მაგრამ არცერთხელ გამოძიება არ დაწყებულა და არ დადგენილა მისი ავთენტურობა.

ვფიქრობ, ოდესმე ნაბიჯი უნდა გადავდგათ და გამოვიძიოთ, ვინ ჩაიწერა და რატომ. როგორც წესი, როცა უკანონო თვალთვალი ხდება, ამას თავისი დანიშნულება აქვს. სამწუხაროდ, ასეთ რაღაცებს წინასაარჩევნოდ ვხედავთ, რათა მოხდეს ამომრჩეველზე მანიპულირება. სახელმწიფომ უნდა გამოიძიოს ასეთი ინფორმაციის გავრცელების წყაროც და ავთენტურობაც. თუ ეს არის უკანონო, უმკაცრესი რეაგირება უნდა იყოს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ინტერნეტში სასულიერო პირებსა და საპატრიარქოს თანამშრომლებზე სავარაუდო წერილობითი და აუდიომასალა გავრცელდა. ის ცალკეულმა ტელეკომპანიებმა ეთერითაც გადასცეს. გავრცელებული ფაილები ცალკეული სასულიერო პირების პირად ცხოვრებას ეხება. ფაილები შეიცავს არასრულწლოვანთა შესახებ ინფორმაცასაც. საქართველოს პირველი არხი არ გთავაზობთ თავად ამ მასალას, რადგან ის შეიცავს პირად ინფორმაციას. ამასთან, მათი ავთენტურობა დადასტურებული არ არის.