ლევან იოსელიანი - სახალხო დამცველის მიმართ მოლოდინია, რომ მას შეუძლია, მოაგვაროს ყველა პრობლემა, რაც დაკავშირებულია ადამიანთა ყოფასთან, თუმცა ჩვენი მანდატი შემოფარგლულია კონკრეტული ჩარჩოთი
ლევან იოსელიანი - სახალხო დამცველის მიმართ მოლოდინია, რომ მას შეუძლია, მოაგვაროს ყველა პრობლემა, რაც დაკავშირებულია ადამიანთა ყოფასთან, თუმცა ჩვენი მანდატი შემოფარგლულია კონკრეტული ჩარჩოთი

მიუხედავად იმისა, რომ მე გავეცანი ჩემი წინამორბედი სახალხო დამცველის ანგარიშს, საჭიროდ არ ჩავთვალე, კორექტივები შემეტანა, ეს არ იქნებოდა სწორი, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას განაცხადა.

„ამ ანგარიშზე იმუშავა მან, იმუშავა აპარატმა და მათი ანგარიშში იყო ისე, როგორც მათ წარმოედგინათ; დააიდენტიფიცირეს პრობლემები ისე, როგორც მათ წარმოედგინათ და იმ სიმძაფრით, როგორც წარმოედგინათ. შესაბამისად, მე უბრალოდ, ტექნიკურად გავაგზავნე პარლამენტში და მოვაწერე ამას ხელი“, – განაცხადა იოსელიანმა.

როგორც ლევან იოსელიანმა აღნიშნა, ის ეცდება, საკუთარი მანდატის ფარგლებში იმედი გაუმართლოს ადამიანებს, რომლებსაც აქვთ განცდა, რომ სახალხო დამცველი უნდა იყოს მათ გვერდით და ინტერესდებოდეს მათი ყოველდღიური პრობლემებით.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, გარდა იმ ჯგუფებისა, ვისთანაც სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელთა ვიზიტები უფრო ხშირია, როგორებიც არიან, მაგალითად, პატიმრები, ეთნიკური ჯგუფები, სექსუალური უმცირესობები და ა.შ., რამდენად აქვთ ადამიანთა სხვა, მაგალითად, სოციალურად შეჭირვებულ ჯგუფებს იმის განცდა, რომ, პრაქტიკიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი მათ გვერდით დგას, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ არ იცის, ამ ადამიანებს როგორი განწყობა ჰქონდათ აქამდე, რადგან მათთან ამაზე არ უსაუბრია, მაგრამ მისი ჩასვლა და საუბარი მათში მხოლოდ დადებით ემოციებს აღძრავს.

„სახალხო დამცველის მიმართ არის მოლოდინი, რომ მას შეუძლია, მოაგვაროს ყველა პრობლემა, რაც დაკავშირებულია ადამიანთა ყოფასთან, სოციალური პრობლემებით დაწყებული, სამართლებრივით დამთავრებული და, მათ შორის, პოლიტიკურით, თუმცა ჩვენი მანდატი კონკრეტული ჩარჩოთი არის შემოფარგლული და ამ მანდატის ფარგლებში შეგვიძლია, ადამიანებს დახმარება გავუწიოთ. მათ ძალიან მოსწონთ ის, რომ სახალხო დამცველი პირადად ჩადის რეგიონებში, პირადად ხვდება ამ ადამიანებს, პირადად ელაპარაკება და ისმენს მათ პრობლემებს. ვაპირებ, ეს გავაგრძელო. არ ვიცი, აქამდე როგორი განწყობა ჰქონდათ, ამაზე მათთან არ მისაუბრია, მაგრამ ჩემი ჩასვლა და მათთან საუბარი მათში მხოლოდ დადებით ემოციებს აღძრავს“, – განაცხადა იოსელიანმა.

როგორც იოსელიანმა აღნიშნა, მათ შორის, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მისი სიარულიც სწორედ ამით არის განპირობებული, რომ ზუსტად იცოდეს პატიმართა პრობლემების შესახებ და ამ ადამიანებთან შეხვედრის შემდეგ, ვინც სასჯელს იხდის, პირადად ჰქონდეს განცდა, სულ მცირე, რა არის გასაკეთებელი, რომ მათი პირობები გაუმჯობესდეს.

მისი თქმით, წინა სახალხო დამცველზე არ ისაუბრებს და მის შეფასებაში არ შევა, რადგან მისი მხრიდან ეს სწორი არ იქნება, მაგრამ ანგარიში, რომელსაც ერთი წლის შემდეგ მოამზადებს, სხვანაირად იქნება აგებული.

„რა თქმა უნდა, ყველა პრობლემაზე იქნება საუბარი, მაგრამ მე ამას დავწერ იმდაგვარად, როგორც მე წარმომიდგენია, იმ პრიორიტეტების მიხედვით, რა პრიორიტეტებიც, მიმაჩნია, რომ ამ ქვეყანაში არის დასაძლევი და პირველ ჯერზეა წამოსაწევი. შესაბამისად, ანგარიში, რომელიც ერთი წლის მერე იქნება, იქნება სწორედ ამ ლოგიკით დაწერილი“, – განაცხადა იოსელიანმა.

ამასთან, იოსელიანმა აღნიშნა, რომ ანგარიშში პრობლემების რიგითობა გამოხატავს სახალხო დამცველის დამოკიდებულებას ამ პრობლემების მიმართ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მნიშვნელოვანია, სახალხო დამცველის ანგარიშში ასახული და იდენტიფიცირებული იყოს ყველა პრობლემა.