ლევან იოსელიანი - საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევისა და პარლამენტში ოპოზიციის შესვლის შემდეგ, მამუკა ხაზარაძის მიერ მანდატის დატოვება სწორად არ მიმაჩნია
ლევან იოსელიანი - საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევისა და პარლამენტში ოპოზიციის შესვლის შემდეგ, მამუკა ხაზარაძის მიერ მანდატის დატოვება სწორად არ მიმაჩნია

ყველას აქვს უფლება, პარლამენტი დატოვოს, მაგრამ მამუკა ხაზარაძის ამ გადაწყვეტილების სისწორეს არ ვიზიარებ, რადგან საერთაშორისო პარტნიორების ამხელა ძალისხმევისა და პარლამენტში ოპოზიციის შესვლის შემდეგ, მანდატის დატოვება სწორად არ მიმაჩნია, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტი საუკეთესო ადგილია ისაუბრო იმაზე, რაც მოქალაქეებს აწუხებთ.

„მას თავისი გზა აქვს და უფლება არ მაქვს, ვინმეს გადაწყვეტილება მოვიწონო ან არ მოვიწონო. ზოგადად, მიმაჩნია, რომ როცა მანდატი მოგანიჭეს, იმ ვადით უნდა გამოიყენო, რაც გაქვს და უნდა შექმნა ის დღის წესრიგი, რაც მოქალაქეებს აწუხებთ. უამრავი საკითხია, რაც ამ პარლამენტში არის გადასაწყვეტი. პარლამენტი საუკეთესო ადგილია ისაუბრო იმაზე, რაც მოქალაქეებს აწუხებთ. ლოგიკას ვერ ვხდები, მამუკა ხაზარაძე მიდის და მისი ფრაქცია რჩება. ფრაქცია ეშლება და გადაკეთდება პოლიტიკურ ჯგუფად, რაც სამწუხაროა, რადგან საპარლამენტო ცხოვრებას მრავალფეროვნება სჭირდება“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

პარტია „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ გუშინ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტს ტოვებს.