ლევან იოსელიანი - საარჩევნო რეფორმის განხორციელებისას, პოლიტიკური კონსენსუსი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების დანიშვნის სასარგებლოდ შედგა
ლევან იოსელიანი - საარჩევნო რეფორმის განხორციელებისას, პოლიტიკური კონსენსუსი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების დანიშვნის სასარგებლოდ შედგა

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ლევან იოსელიანის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციის სრულად პროფესიული ნიშნით დაკომპლექტება უკეთესია, მაგრამ საარჩევნო რეფორმის განხორციელებისას, პოლიტიკური კონსენსუსი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების დანიშვნის სასარგებლოდ შედგა.

ჟურნალისტებთან საუბარში ლევან იოსელიანი „საარჩევნო კოდექსში” განხორციელებული ცვლილებების შეფასების თაობაზე „სამართლიანმა არჩევნებისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დასკვნას გამოეხმაურა. იოსელიანს მიაჩნია, რომ აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ საარჩევნო რეფორმის დიდი ნაწილი პოზიტიურად არის შეფასებული.

მისი თქმით, მათი მხრიდან რეკომენდაციების გაცემა ბუნებრივია, რადგან მუშა პროცესია და ყველაფერი იდეალური ვერ იქნება, მათ შორის საარჩევნო კოდექსიც.

„ხაზს უსვამენ, რომ სრულად პროფესიული უნდა იყოს საარჩევნო კომისია, რაც ის საკითხია, რაზეც შეთანხმება პოლიტიკურ პარტიებს შორის ვერ მოხდა. თავის დროზე, პოლიტიკურმა პარტიებმა მოითხოვეს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციაში საკუთარი წარმომადგენელი ჰყოლოდათ. მიმაჩნია, რომ სრულად პროფესიული საარჩევნო ადმინისტრაცია უკეთესია, მაგრამ ამ ეტაპზე პოლიტიკური კონსენსუსი შედგა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების დანიშვნის სასარგებლოდ. სოციალური ქსელით აგიტაციის შეზღუდვაზეც იყო საუბარი და ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა არაერთ ქვეყანაშია. ეს არის საჯარო თუ პერსონალური სივრცე, ამაზე ჯერ ერთობლივი აზრი ჩამოყალიბებული არ არის და ამის შეზღუდვა ცოტა რთული იქნება ტექნიკური თვალსაზრისითაც. რაც შეეხება საჯარო მოხელეების აგიტაციას, კონკრეტული დათქმაა, რომელიც კრძალავს ამგვარ აგიტაციას და ასეთი აგიტაცია დაჯარიმდება სოლიდური თანხით”, – განაცხადა იოსელიანმა.