ლევან იოსელიანი - საარჩევნო რეფორმაზე ჩვენ მიერ დაინიცირებული კანონი გაგზავნილია ეუთო/ოდირში, ველოდებით დასკვნას
ლევან იოსელიანი - საარჩევნო რეფორმაზე ჩვენ მიერ დაინიცირებული კანონი გაგზავნილია ეუთო/ოდირში, ველოდებით დასკვნას

საარჩევნო რეფორმაზე ჩვენ მიერ დაინიცირებული კანონი გაგზავნილია ეუთო/ოდირში. სავარაუდოდ დღის ბოლომდე უნდა დაიდოს დასკვნა, ველოდებით ამ დასკვნას, – განაცხადა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა.

პარტია „მოქალაქეებსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის ხელმოწერილი შეთანხმებით, საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები ძალაში პირველი მაისიდან უნდა შესულიყო. თუმცა საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის თანათავმჯდომარის, ლევან იოსელიანის განმარტებით, იმის გამო, რომ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის დასკვნას ელოდებიან, მიღებულია ერთობლივი გადაწყვეტილება პროექტის მიღების ვადის გადაწევაზე.

ამასთან, ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი ამბობს, რომ ვინაიდან პარლამენტში შემოვიდნენ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი პარტიები, მნიშვნელოვანია, რომ ისინიც ჩაერთონ საარჩევნო რეფორმაზე განხილვების პროცესში.

„გარდა ამისა იცით, რომ პარლამენტში შემოვიდა ოპოზიციის გარკვეული ნაწილი და საჭიროა, მათთან ერთადაც იყოს ეს კანონპროექტი განხილული. ასე მიგვაჩნია სწორედ. მიუხედავად იმისა, რომ გვეწერა, პირველ მაისამდე უნდა იყოს ეს მიღებული, ჩვენ შევთანხმდით, რომ ვადები გადავწიოთ და დანარჩენ ოპოზოციასთან ერთად განვიხილოთ. განვიხილოთ ისევ არასამთავრობო სექტორთან ერთად. რაც მთავარია, დაველოდოთ ეუთო/ოდირის დასკვნას და ის შენიშვნები, რაც მოვა, ისიც იყოს უფრო ფართო განხილვის საგანი ოპოზიციაში და ჩვენს პარტნიორებთან, საელჩოებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან“,- განაცხადა იოსელიანმა.

მისივე თქმით, ამ კანონის ძირითადი არსი არის ის, რომ არჩევნები გახდეს ბევრად გამჭირვალე.

„ყველა პარტიას ეყოლება წარმომადგენელი ცესკო-ში, სავალდებულოდ ათი პროცენტი გადაითვლება მთელ საქართველოში. დაუბალანსებელი ოქმების შედგენა პრაქტიკულად იქნება შეუძლებელი და რაც მთავრია, შემოვა თანამედროვე ტექნოლოგიები. ეს არის ხმის მთვლელი მანქანები. ეს ყველაფერი ერთობლიობაში არჩევნებს გახდის გამჭვირვალეს, გასაგებს და რაც მთავარია, სანდოს ჩვენი მოქალაქეებისთვის“,- აღნიშნა იოსელიანმა.

ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ რეფორმის განხორციელებას საფრთხე არ ემუქრება და საარჩევნო კოდექსის საკანონმდებლო პაკეტი საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მიღებული იქნება.

საარჩევნო რეფორმის პაკეტი ეუთო/ოდირს დასკვნისთვის და შეფასებისთვის 9 მარტს გადაეგზავნა.