ლევან იოსელიანი - სააკაშვილთან შეხვედრაზე თითქმის ერთი საათი ვისაუბრეთ, დავუდასტურე, რომ შენარჩუნდება მონიტორინგის ყველა მექანიზმი, რაც სახალხო დამცველის აპარატშია
ლევან იოსელიანი - სააკაშვილთან შეხვედრაზე თითქმის ერთი საათი ვისაუბრეთ, დავუდასტურე, რომ შენარჩუნდება მონიტორინგის ყველა მექანიზმი, რაც სახალხო დამცველის აპარატშია

საქართველოს სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, „ვივამედის“ კლინიკაში მიხეილ სააკაშვილს ერთი საათის განმავლობაში ესაუბრა. მისივე თქმით, სააკაშვილს დაუდასტურა, რომ მასთან დაკავშირებით შენარჩუნდება მონიტორინგის ყველა მექანიზმი, რაც სახალხო დამცველის აპარატში არსებობს.

გუშინ „მოვინახულე ყველა პატიმარი, ვინც კლინიკა „ვივამედში“იმყოფება, მათ შორის მიხეილ სააკაშვილი. თითქმის ერთი საათი ვისაუბრეთ. ექიმები გუშინ არ იყვნენ და მათთან ურთიერთობა არ მქონია. დავუდასტურე, რომ შენარჩუნდება მონიტორინგის ყველა მექანიზმი, რაც დღემდე არსებობს სახალხო დამცველის აპარატში. ესენია: კონსილიუმი, აპარატის ზედამხედველობა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ლევან იოსელიანს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებითაც, რაზეც იოსელიანმა აღნიშნა, რომ არც მანდატი და არც ცოდნა სამედიცინო შეფასების შესაძლებლობას არ აძლევს.

„როცა შევედი, მიხეილ სააკაშვილი იწვა, სხვა ვერაფერს გეტყვით. მეტყველება არ უჭირდა და ნორმალურად ვისაუბრეთ. მის მდგომარეობას მე ვერ შევაფასებ. სააკაშვილი დამხვდა მწოლიარე მდგომარეობაში და ვისაუბრეთ ნორმალურად. ცხადია, გამხდარია იმასთან შედარებით, რაც იყო. ამის მეტი შეფასება არასწორი იქნება, რადგან არც ჩემი მანდატი და არც ცოდნა სამედიცინო შეფასების შესაძლებლობას არ იძლევა“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

სახალხო დამცველმა ასევე აღნიშნა, რომ აპირებს, მიმდინარე კვირაში სახალხო დამცველის აპარატთან არსებულ სამედიცინო კონსილიუმის წევრებს შეხვდეს.

„ამ ადამიანებთან ვაპირებ შეხვედრას. მათთან ერთად გავარკვევ, რა გეგმები აქვთ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, რადგან მათი პრეროგატივაა, როდის მოინახულებენ და როგორ შეაფასებენ მის მდგომარეობას. ჩვენ ამაში მხოლოდ ვეხმარებით. სახალხო დამცველს საკუთარი მანდატის ფარგლებში, რასაც კანონი გვაძლევს საშუალებას, შეუძლია სპეციალისტების მოწვევა და ისინი მოწვეული არიან. დანარჩენი თვითონ უნდა შეაფასონ. მათ ამ კვირაში შევხვდები“, – განაცხადა იოსელიანმა.

ამასთან, ლევან იოსელიანს კითხვით მიმართეს პოლონელ ექიმებთან დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ინფორმაციას არ ფლობს.

„ვერაფერს გეტყვით, ამაზე სააკაშვილმაც მკითხა და არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. ჩვენი მანდატის ფარგლებში ყველაფერს ვაკეთებთ და ეს არის საკითხი, რომელიც მთავრობის გადასაწყვეტია, რაშიც ვერ ჩავერევი“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.