ლევან იოსელიანი - სააკაშვილის მიერ გამოცხადებულ სრულ შიმშილობას არ ვიზიარებ, შიმშილობა, როგორც პროტესტის ფორმა, სწორად არ მიმაჩნია
ლევან იოსელიანი - სააკაშვილის მიერ გამოცხადებულ სრულ შიმშილობას არ ვიზიარებ, შიმშილობა, როგორც პროტესტის ფორმა, სწორად არ მიმაჩნია

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „მოქალაქეების“ წევრი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ შიმშილობა, როგორც პროტესტის ფორმა, სწორად არ მიაჩნია.

მისივე შეფასებით, პოლიტიკის გამო არავინ არ უნდა დააყენოს საფრთხის ქვეშ არც სხვისი და არც საკუთარი ჯანმრთელობა.

„არავის შიმშილობა არ მომწონს. შიმშილობა, როგორც პროტესტის ფორმა, სწორად არ მიმაჩნია. არ ვფიქრობ, რომ რაიმე პოლიტიკური მიზანი ღირს ადამიანის ჯანმრთელობად და სიცოცხლედ. ამიტომ, მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოცხადებულ სრულ შიმშილობას არ ვიზიარებ.  ჩემი პარტიის წევრიც რომ შიმშილობდეს, მასაც შეწყვეტას ვთხოვდი. ყველა პარტია თავის გზას ირჩევს, მაგრამ პოლიტიკის გამო არავინ არ უნდა დააყენოს საფრთხის ქვეშ არც სხვისი და არც საკუთარი ჯანმრთელობა“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 7 ნოემბრის საქმეზე დღევანდელ სასამართლო პროცესზე აღნიშნა, რომ დღეიდან უვადო შიმშილობას აცხადებს. სააკაშვილის თქმით, „მისი მოთხოვნაა ადეკვატური ჯანმრთელობის დაცვის განხორციელება“.