ლევან იოსელიანი - რაღაც კონსულტაცია მაქვს „გირჩის“ ერთ ნაწილთან
ლევან იოსელიანი - რაღაც კონსულტაცია მაქვს „გირჩის“ ერთ ნაწილთან

„გირჩის“ ერთ ნაწილთან რაღაც კონსულტაცია მაქვს, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა. იოსელიანმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების კონტექსტში დასმულ კითხვას უპასუხა.

მისივე თქმით, მათ მსგავს პარტიებს შორის კომუნიკაცია თუ გახშირდება, ამას მხოლოდ მიესალმება.

„პირადად გეტყვით, რომ რაღაც კონსულტაცია მაქვს „გირჩის“ ერთ ნაწილთან და ვიცი მათი პოზიცია. კომუნიკაცია, რა თქმა უნდა, მაქვს. ყველანი ერთ პროცესში ვართ და ერთმანეთისგან გათიშული ვერ ვიქნებით. ვიცი მათი ხედვა, მათ ჩვენი ხედვა იციან. ჩვენ ვიცით, რომ რაღაცებში განსხვავებული პოზიცია გვაქვს. მაგალითად, თვითმმართველობის რეფორმის დონეზე, ისინი ნულოვანი ბარიერის მომხრე არიან, ჩვენ ვთვლით, რომ თბილისში ათი მაჟორიტარი ოლქი უნდა იყოს. საბოლოო ჯამში, ეს არ გვიშლის ხელს ერთობლივი საკითხისადმი, რაცაა შეთანხმებით ამ პროცესის განმუხტვა.

დღევანდელმა დღემაც ცხადყო, მამუკა ხაზარაძის განცხადებიდან, რომ ასევე „სტრატეგია აღმაშენებელი“ მომხრე არ არის, პროცესებმა ქუჩაში გადაინაცვლოს. მხოლოდ მივესალმები იმას, რომ ჩვენისთანა პარტიებში კომუნიკაცია კიდევ უფრო გახშირდეს. ეს ღრმა პოლარიზებას წერტილს დაუსვამს“, – განაცხადა იოსელიანმა.