ლევან იოსელიანი - რაც უფრო მეტ უბანზე იქნება ელექტრონული ხმის მთვლელი მანქანები გამოყენებული, ეს ბევრად გააუმჯობესებს არჩევნების ჩატარების სტანდარტს საქართველოში
ლევან იოსელიანი - რაც უფრო მეტ უბანზე იქნება ელექტრონული ხმის მთვლელი მანქანები გამოყენებული, ეს ბევრად გააუმჯობესებს არჩევნების ჩატარების სტანდარტს საქართველოში

რაც უფრო მეტ უბანზე იქნება ელექტრონული ხმის მთვლელი მანქანები გამოყენებული, ეს ბევრად გააუმჯობესებს არჩევნების ჩატარების სტანდარტს საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

როგორც ლევან იოსელიანმა აღნიშნა, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ორი საკითხი დაყენა, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია.

„პირველი უკავშირდება მომდევნო არჩევნების ელექტრონულად ჩატარების არეალის გაზრდას. გვინდა, რომ შემდგომ არჩევნებში კიდევ უფრო მეტად იყოს გამოყენებული ელექტრონული ხმის მთვლელი მანქანები. იმას ვგულისხმობ, რომ საქართველოს მესამედში მაინც ან ნახევარში მოხდეს ასეთი ცვლილების დანერგვა, რათა 20 წუთის ამ ნახევარი საათის შემდეგ ვიცოდეთ შედეგები. კარგი გამოცდილება არსებობს ბათუმში ჩატარებული არჩევნებიდან გამომდინარე. ეს აზღვევს ნებისმიერი ტიპის პროვოკაციას, მანიპულაციას. ამიტომ, რაც უფრო მეტ უბანზე იქნება ელექტრონული ხმის მთვლელი მანქანები გამოყენებული, ეს ბევრად გააუმჯობესებს არჩევნების ჩატარების სტანდარტს საქართველოში.

მეორე საკითხი შეეხება საოლქო საარჩევნო კომისიების წევრების დანიშვნის საკითხს – დღევანდელი რეგულაციით შესაძლებელია, ოპოზიციის ჩართვის გარეშე უბრალო უმრავლესობით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღოს გადაწყვეტილება და საოლქო საარჩევნო კომისიაში საკუთარი წევრები დანიშნოს. ვთვლით, რომ ოპოზიციის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია. ვითხოვთ, რომ კვორუმი აიწიოს 2/3-მდე, რომ ოპოზიციის გარეშე საოლქო საარჩევნო კომისიაში წევრის დანიშვნა იყოს შეუძლებელი. ეს ერთი მხრივ, იქნება შესაძლებლობა, რომ კონსენსუსის გზით მოხდეს წევრის დანიშვნა და მეორე მხრივ, ოპოზიციის ჩართულობა იქნება უზრუნველყოფილი“, – განაცხადა იოსელიანმა.