ლევან იოსელიანი - „ქართული ოცნების“ მხრიდან შარლ მიშელის შეთანხმების მიმართ ასეთი დამოკიდებულება თუ გაგრძელდება, საქართველო ევროკავშირის დახმარებას დაკარგავს
„ქართული ოცნების“ მხრიდან შარლ მიშელის შეთანხმების მიმართ ასეთი დამოკიდებულება თუ გაგრძელდება, საქართველო ევროკავშირის დახმარებას დაკარგავს, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა.
ლევან იოსელიანმა კომენტარი გააკეთა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით ევროკომისიის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს განცხადებაზე, რომელმაც აღნიშნა, რომ „მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის გადახედვა არის საქართველოსთვის ევროკავშირის მეორე ტრანშის გამოყოფის წინაპირობა, რომელზეც ამ ნაბიჯმა შეიძლება, უარყოფითად იმოქმედოს“.
„პარლამენტში გამართული მოსმენები იყო წინააღმდეგობაში შარლ მიშელის შეთანხმებასთან. ამის მიუხედავად, როგორც ერთმა დეპუტატმა, თავი ვალდებულად ჩავთვალე, რომ სხდომაზე მოსამართლეობის კანდიდატებისთვის კრიტიკული კითხვები დამესვა და საზოგადოებისთვის მეჩვენებინა, „ქართული ოცნება“ უზენაესს სასამართლოში ვის დანიშვნას აპირებდა.
კარგია, რომ ცხრავე მოსამართლე არ დაინიშნა, მაგრამ იმ ექვსმა მოსამართლემ ვერ დააკმაყოფილა ორი კრიტერიუმი – პროფესიონალიზმი და კომპეტენცია. ეს ყველაფერი არა მხოლოდ ფორმალურად ეწინააღმდეგებოდა შარლ მიშელის შეთანხმებას, არამედ შინაარსობრივად, რადგან ეს ადამიანები კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდნენ და „ქართულმა ოცნებამ“ ეს ადამიანები უზენაესს სასამართლოში უვადოდ დანიშნა. რა თქმა უნდა, ამას თავისი პოლიტიკური შედეგი ექნება, ევროკავშირი განიხილავს საქართველოსთვის უპრეცედენტოდ დიდი ფინანსური დახმარების გაწევას, რამდენიმე მილიარდ ევროზე არის საუბარი. „ქართული ოცნების“ მხრიდან შარლ მიშელის შეთანხმების მიმართ ასეთი დამოკიდებულება თუ გაგრძელდება, საქართველო დახმარებას დაკარგავს და ეს იქნება ქვეყნისთვის გაწეული დათვური სამსახური, რადგან მოქალაქეები დაკარგავენ ინ ფულს, თორემ, უზენაესს სასამართლოში ვინც განაწესეს, ისინი დიდი ხანი კარგად იქნებიან. ჩვენმა პარტნიორებმა ხაზი კარგად უნდა გაუსვან, რომ ამ მოსამართლეების დანიშვნა 19 აპრილის შეთანხმების დარღვევა იყო“, – აცხადებს ლევან იოსელიანი.