ლევან იოსელიანი - პირველი შემთხვევა არ არის, როცა საერთო ოპოზიციურ საკითხს რამდენიმე ოპოზიციური ჯგუფის გარეშე განიხილავენ
ლევან იოსელიანი - პირველი შემთხვევა არ არის, როცა საერთო ოპოზიციურ საკითხს რამდენიმე ოპოზიციური ჯგუფის გარეშე განიხილავენ

პირველი შემთხვევა არ არის, როცა საერთო ოპოზიციურ საკითხს რამდენიმე ოპოზიციური ჯგუფის გარეშე განიხილავენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლების დღევანდელ შეხვედრას გამოეხმაურა.

მისი თქმით, არსებობს საკითხები, რომლებიც თანაბრად მნიშვნელოვანია და ეს არ ემსახურება იმ იდეას, რომ როგორც მათგან ვისმენთ, პოზიციების დაახლოება და შერიგება მოხდეს.

„ჩემთვის არავის უთქვამს, რომ ამ შეხვედრას დავსწრებოდი. ალბათ, ინიციატორს უნდა ჰკითხოთ, რატომ არ დაგვიძახეს. ჩვენ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ლელოსგან“ განსხვავებული შეხედულებები გვაქვს და შეიძლება, ეს მათთვის დისკომფორტია, რომ ეს პოზიცია გახმოვანებული იყოს. პირველი შემთხვევა არ არის, როცა საერთო ოპოზიციურ საკითხს რამდენიმე ოპოზიციური ჯგუფის გარეშე განიხილავენ. ეს არის ცუდი, რადგან არის საკითხები, რომელიც თანაბრად მნიშვნელოვანია, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებები. ეს არ ემსახურება იმ იდეას, რომ პოზიციების დაახლოება და შერიგება მოხდეს, რასაც მათგან ვისმენთ. თუ ოპოზიციაში ასეთ აცდენას აქვს ადგილი, რა შერიგებაზე ვსაუბრობთ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ცნობისთვის, როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის ინიციატორი ბადრი ჯაფარიძე იყო.