ლევან იოსელიანი - პარტიული შერიგების არ მჯერა, მჯერა ადამიანების შერიგების, თუ ისინი შერიგდებიან, შესაძლებელია, ამას სხვა სახის შერიგებაც მოჰყვეს
ლევან იოსელიანი - პარტიული შერიგების არ მჯერა, მჯერა ადამიანების შერიგების, თუ ისინი შერიგდებიან, შესაძლებელია, ამას სხვა სახის შერიგებაც მოჰყვეს

პარტიული შერიგების არ მჯერა, მჯერა – ადამიანების შერიგების, თუ ადამიანები შერიგდებიან, შესაძლებელია, ამას სხვა სახის შერიგებაც მოჰყვეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ლევან იოსელიანმა აღნიშნა, ეს შერიგება არ არის ერთჯერადი აქტი.

„შერიგებას წინ უნდა უძღვოდეს რაღაც წინაპირობები, რომელიც მხარეებს ნაბიჯებს გადაადგმევინებს, რასაც ვერ ვხედავ. „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთთან ისე არიან დაპირისპირებული, როგორც აქამდე იყო. ზიზღისა და სიძულვილის ენა მათ გამოსვლებში ისევ არის. შერიგებას პერსპექტივა არ აქვს, თუმცა მომხრე ვარ, რომ შერიგება იყოს. შერიგება იმას არ გულისხმობს, რომ პოლიტიკური ლიდერები ხელიხელჩაკიდებულები ივლიან, რაღაც კონსტრუქციული ოპონირებისა და საქმიანობის რეჟიმში გადავა ეს ყველაფერი და მხოლოდ ლანძღვა არ იქნება. იქნება რაღაც დღის წესრიგი, რაც ორიენტირებული იქნება ქვეყნისა და ხალხის ინტერესებზე, ეს ყველაფერი ახლა მთლიანად გაწეულია და ერთმანეთთან შეჯიბრია ლანძღვაში. რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს, ამის მოთხოვნა არის დამაზიანებელი და კონტრპროდუქტიული ოპოზიციისთვის. მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ 47 პროცენტი აიღო, დღეს კიდევ ამაზე საუბარი არის კონტრპროდიქტიული და ოპოზიციაში იწვევს აზრთა სხვადასხვაობას. მიგვაჩნია, რომ რიგგარეშე არჩევნებზე ახალი აქცენტის გაკეთება ოპოზიციის წარმატება კიდევ უფრო შეამცირებს. რაც დრო გადის, რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნას აზრი ეკარგება, რადგან კონსტიტუციის მიხედვით, შეზღუდულია რიგგარეშე არჩევნების ჩატარების თარიღი. არჩევნები 2024 წელს უნდა ჩატარდეს, არჩევნები რომც დაინიშნოს, პარლამენტი ორწლიანი იქნება“,- განაცხადა ლევან იოსელიანმა.