ლევან იოსელიანი - ოპოზიციის ყველა წარმომადგენელი რომ ყოფილიყავით შესაბამისი კანონპროექტის განხილვაზე, უკეთეს პირობას გამოვიტანდით, ამიტომ ამ ნაწილში არავისგან მივიღებ საყვედურს
ლევან იოსელიანი - ოპოზიციის ყველა წარმომადგენელი რომ ყოფილიყავით შესაბამისი კანონპროექტის განხილვაზე, უკეთეს პირობას გამოვიტანდით, ამიტომ ამ ნაწილში არავისგან მივიღებ საყვედურს

ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტი განიხილება, მაგრამ სწორად არის შერჩეული თუ არა დრო იმისთვის, რომ ეს კანონპროექტი იყოს შემოტანილი და პასუხობს თუ არა იმ კონტექსტს, რა პოლიტიკური კონტექსტიც არის დღეს საქართველოში? რა თქმა უნდა, არა, რადგან დღეს ჩვენ ვიმყოფებით ოპოზიციის და ხელისუფლების პოზიციების დაახლოების რაღაც ფაზაში, ეს კანონპროექტი ამ ყველაფერს კიდევ უფრო ართულებს, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტში არასწორ დროს არის შესული.

„ამიტომ, პირველი დღიდან, როდესაც დაინიცირდა ეს კანონპროექტი, ჩემი პოზიცია იყო და რჩება, რომ ეს არის ცუდ დროს შემოტანილი კანონპროექტი, რომელიც მნიშვნელოვნად აუარესებს ჩვენი მოქალაქეების უფლებებს. არსებობს მეორე ამბავი და ეს ამბავი ეხება იმას, ვინ აპროტესტებს ამ ყველაფერს, ვინ დადიოდა, ვინ ესწრებოდა იმ საკომიტეტო განხილვებს, რომელსაც პირველი დღიდან მე ვესწრებოდი და ვინ გამოთქვამდა ამ ყველაფრის წინააღმდეგ აზრს, ეს არის მნიშვნელოვანი. დღეს რომ ეს კანონპროექტი ასეთი სახით არის შემოტანილი, ამაში ვისი ბრალი არის, გარდა წარმომდგენისა? ნამდვილად არ მეხალისებოდა გუშინ რვა თუ ცხრა საათამდე კომიტეტზე ჯდომა და ბატონ ანრი ოხანაშვილთან დისკუსია, მაგრამ მიმაჩნია, რომ თუ შემიძლია, იმაზე უკეთესი გამოვიტანო იმ დარბაზიდან, რაც იყო ინიცირებული, ჩემი ძალისხმევა ამაში ბოლომდე უნდა ჩავდო და გამოვიტანე უკეთესი. 48 საათის მაგივრად 24 საათი და ამის გულისთვის არავისგან მივიღებ შენიშვნას, აქეთა ფლანგს მივმართავ და მარტო რომ არ ვყოფილიყავი იმ ოთახში და სხვებიც ყოფილიყვნენ, ის 12 საათზე შეიძლება დაგვეტოვებინა ძალაში. დავით ზილფიმიანი ესწრებოდა განხილვას და ბატონი იაგო ხვიჩია შემოვიდა მოკლე დროით. დანარჩენ ოპოზიციას მინდა ვუთხრა, ვინც არ არის დარბაზში, სად იყვნენ ამ დროს? ახლა ადვილია კრიტიკა, რომ ცუდი კანონია და აუარესებს, გეთანხმებით ამ ყველაფერში, მაგრამ როცა ეს ყველაფერი ხდებოდა, მაშინ სად იყავით, კოლეგებო? მე ის შევძელი, რომ 24 საათი სჯობს 48 საათს და ის პოლიციელი, რომელსაც უწევს დასაბუთება დანარჩენ 24 საათზე, კარგად დაფიქრდება, უღირს თუ არა იმ დოკუმენტის შედგენა, რომელიც საქმეს დაერთვება მტკიცებულებად და რომელიც საჯარო გახდება მერე. ამიტომ, ასე ხელის ყველაფერზე დაბანვა და პროცესისგან მოშორება არ არის სწორი. პარლამენტში იმიტომ არ ვარ შემოსული, რომ უბრალოდ გავიდე კომენტარებზე და ველაპარაკო ყველაფერი, თუ შემიძლია რამის გაკეთება, გავაკეთებ და რაც უნდათ ის დაარქვან, ჩემივე პოლიტიკური რეპუტაციის და პოლიტიკური კრიტიკის ფასად. თუ მგონია, რომ ეს არის უკეთესი და უკეთესი არის 24 საათი 48 საათზე, ეს არის ჩემი პოზიცია და როდესაც იქნება განხილვები, შემობრძანდით და ის თემები დავიცვათ ერთად. კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველა რომ ყოფილიყავით იქ, გამოვიტანდით უკეთეს პირობას, ამიტომ მე ამ ნაწილში არავისგან საყვედურს არ მივიღებ, უფრო მეტიც, მე ამ 24 საათში დავუჭერ მხარს, იმიტომ რომ სჯობს 48 საათს“, – განაცხადა იოსელიანმა.

მისი თქმით, აღნიშნულ კანონპროექტში ჯარიმების გაზრდის ნაწილი მისთვის მიუღებელია.

„რაც შეეხება მეორე ნაწილს, სადაც არაფერი შეიცვალა, სადაც საუბარი არის საპატიმრო ქვედა ზღვარის გაზრდაზე და საუბარი არის ჯარიმების გაზრდაზე, რა თქმა უნდა, ეს არის მიუღებელი და რა თქმა უნდა, ამას მხარდაჭერა არ ექნება. ამაზე ძალიან ბევრი ვიკამათეთ იურიდიულ კომიტეტზე, მაგრამ ამ კამათშიც ვიყავი მარტო და ვერაფერს გავხდი, ბატონი დავით ზილფიმიანი მეხმარება და მხოლოდ ამ მეორე პუნქტთან მიმართებაში, ვერაფერს გავხდით ორი კაცი, ამიტომ მეტი პასუხისმგებლობა გამოვიჩინოთ, როდესაც იქნება განხილვა ასეთი სენსიტიური თემების და დარბაზში მერე ლამაზი გამოსვლები არ უშველის, პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ამ საკითხს, ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე აისახება ის 48 საათიც და ის 24 საათიც. და ბოლოს, ასეთი შეთანხმებისთვის რომ არ მიმეღწია გუშინ იურიდიულ კომიტეტზე, დღეს ანრი ოხანაშვილი გამოიტანდა 48 საათს და თქვენ მიიღებდით ამ 48 საათს, ეს იქნებოდა სხვაობა საბოლოო ჯამში“, – განაცხადა იოსელიანი.