ლევან იოსელიანი - ოპოზიციის წარმომადგენლებს თუ დამატებითი მოსაზრებები აქვთ, მოვუწოდებ, საარჩევნო რეფორმის პროცესში ჩაერთონ
ლევან იოსელიანი - ოპოზიციის წარმომადგენლებს თუ დამატებითი მოსაზრებები აქვთ, მოვუწოდებ, საარჩევნო რეფორმის პროცესში ჩაერთონ

ის დოკუმენტი, რომელიც დაინიცირდება, მთლიანობაში ასახავს ოპოზიციის მიერ მიღწეულ შედეგს, როდესაც მოლაპარაკებები ფასილიტაციის დროს მიმდინარეობდა, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო რეფორმის პროცესში ყველა იყოს ჩართული.

„მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს იძახიან, ეს ასე არ არის, ძალიან მარტივი დასამტკიცებელია – არსებობს მაშინ შედგენილი დოკუმენტი და დასაინიცირებელი პროექტი, რომელიც ყველა იმ საკითხს პასუხობს, რომელიც მაშინ ოპოზიციამ დააყენა. კიდევ უფრო მეტია მუხლია შეტანილი, რომელიც აუმჯობესებს საარჩევნო გარემოს. ამის მიუხედავად თუ ისინი თვლიან, რომ დამატებითი მოსაზრებები აქვთ, მოვუწოდებ, ამ პროცესში ჩაერთონ და მონაწილეობა მიიღონ. ჩვენ მემორანდუმს ხელი მოვაწერეთ და კონკრეტული შედეგი დავდეთ მაგიდაზე. თუ ვინმეს აქვს იმის ამბიცია, რომ უფრო მეტი გააკეთოს, გააკეთოს. ნუ ლაპარაკობს და ჩვენ ნუ გვაკრიტიკებს, დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან, უკეთესი გააკეთოს და ამას მხოლოდ მივესალმები. ეს პროცესი არ მთავრდება არც დღეს და არც შემდეგ შეხვედრაზე, საპარლამენტო განხილვა იწყება და ორთვიანი ვადაა იმისათვის, რომ საბოლოოდ დოკუმენტი კანონად იქცეს. მნიშვნელოვანია, ამ პროცესში ყველა იყოს ჩართული. მათ შორის ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც თვლიან, რომ მათი ინტერესი ისე არ არის გათვალისწინებული, როგორც უნდა ყოფილიყო. თავად უნდა მიიღონ მონაწილეობა და თქვან, რა უნდათ, რა არ გავითვალისწინეთ და როგორ არ გავითვალისწინეთ, ამისთვის საჭიროა, მოვიდნენ და დასხდნენ განხილვებში“, – განაცხადა იოსელიანმა.