ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით პასუხგაუცემელი კითხვა არ უნდა დარჩეს
ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით პასუხგაუცემელი კითხვა არ უნდა დარჩეს

სახელმწიფომ ძალიან სწრაფად უნდა იმოქმედოს და ყველა კითხვას გასცეს პასუხი, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ბავშვის უფლებების შელახვის დადასტურების შემთხვევაში, ყველა დამნაშავე პასუხისგებაში უნდა მიეცეს.

„იმედგაცრუებული ვარ, გაუგონარი ამბავია, რომ ამდენი ხნის განმავლობაში სახალხო დამცველს არ უშვებენ პანსიონში, სადაც ბავშვების უფლებები ირღვევა, პროკურატურას თურმე საქმეები აქვს აღძრული. ამის შესახებაც არ ვიცოდით, ესეც სახალხო დამცველისგან გავიგეთ. სახელმწიფომ ძალიან სწრაფად უნდა იმოქმედოს და ყველა კითხვას გასცეს პასუხი. ამ საკითხზე არ უნდა დარჩეს კითხვა, ყველა უნდა მიეცეს პასუხისგებაში, უკლებლივ ყველა ადამიანი, არ აქვს მნიშვნელობა ის სასულიერო პირია, თუ – არა. უნდა მიეცეს პასუხისგებაში ბავშვის უფლებების შელახვისთვის, თუ ასეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი. ხელისუფლების პასუხისმგებლობას ვხედავ. მეტსაც გეტყვით, რას აკეთებდა ამდენი ხნის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტრო, რომელსაც კანონით ევალება, რომ შეამოწმოს ასეთი პანსიონები. აღარაფერს ვამბობ პროკურატურაზე, რომელსაც უნდა გამოეძიებინა და კითხვებზე პასუხი გაეცა. რომ არა სახალხო დამცველი, ჩვენ ვერც გავიგებდით, რომ საქმეები იყო აღძრული“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკითხთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა. შსს-ში აცხადებენ, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ფაქტებზე საგამოძიებო მოქმედებები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.