ლევან იოსელიანი - ნაკლებად მგონია, რომ სააკაშვილის გათავისუფლების საინიციატივო ჯგუფს რამე პერსპექტივა ჰქონდეს
ლევან იოსელიანი - ნაკლებად მგონია, რომ სააკაშვილის გათავისუფლების საინიციატივო ჯგუფს რამე პერსპექტივა ჰქონდეს

ნაკლებად მგონია, რომ სააკაშვილის გათავისუფლების საინიციატივო ჯგუფს რაიმე პერსპექტივა ჰქონდეს და ასეთი საზოგადოებრივი მოძრაობა შეიქმნას, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ლევან იოსელიანმა მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომელშიც აცხადებს, რომ „უმჯობესი იქნება, მისი გათავისუფლების კამპანიაზე საინიციატივო ჯგუფმა იმუშაოს“.

„მე რამდენადაც ვნახე, არც ერთმა საპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიამ არ გაიზიარა მისი მოწოდება. ნაკლებად მგონია, რომ ასეთ ჯგუფს რაიმე პერსპექტივა ჰქონდეს და ასეთი საზოგადოებრივი მოძრაობა შეიქმნას“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ამასთან, ლევან იოსელიანის თქმით, ერთია, რა ულტიმატუმებს აყენებს სააკაშვილი და მეორე, რა პასუხს სცემს მას „ქართული ოცნება“.

„იმდენად გაერთო ეს ორი ძალა ურთიერთდაპირისპირებაში, რომ რეალური პრობლემები ყურადღების მიღმა რჩება. მაგალითად, მოსამართლეების საკითხი, რომელზეც მთელი ყურადღება უნდა იყოს გადატანილი“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ მიმართვაში ნათქვამია, რომ უმჯობესი იქნება, მისი გათავისუფლების კამპანიაზე საინიციატივო ჯგუფმა იმუშაოს, რომელიც, ერთის მხრივ, გაითვალისწინებს ოპოზიციის გენერალურ პოლიტიკური ხაზს და, მეორეს მხრივ, კოორდინაციას გაუწევს მიმდინარე კამპანიას.